
Apple-მა OLED ეკრანით აღჭურვილი წყალგამძლე iPad Mini წარადგინა
Apple-მა ოფიციალურად წარადგინა განახლებული iPad Mini, რომელსაც ისტორიაში პირველად აქვს OLED-ეკრანი და არის წყალგამძლე.
ახალი კომპაქტური პლანშეტის საწყისი ფასი $699-ს შეადგენს, რაც წინა ვერსიასთან შედარებით $100-ით ძვირია.
ტექნოლოგიური გიგანტი მოწყობილობის წინასწარი შეკვეთების მიღებას 28 ოქტომბრიდან გეგმავს, ღია გაყიდვები კი ოფიციალურად 6 ნოემბერს დაიწყება.
მეხსიერების მოცულობის მხრივ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამი განსხვავებული ვერსია, რომელთა შორის 256-გიგაბაიტიანი მოდელის ღირებულება $799-ი, ხოლო 512-გიგაბაიტიანი მოდელის ფასი $999-ი იქნება.
უახლეს iPad Mini-ს 8.5-ინჩიანი OLED-ეკრანი აქვს და მცირედით აჭარბებს წინამორბედი მოდელის ეკრანის ზომას, რომელიც 8.3-ინჩს არ სცდებოდა. მკვეთრადაა გაუმჯობესებული კონტრასტიც.
საყურადღებოა, რომ ახალ აიპადში Apple-მა ყველაზე მძლავრი A20 ჩიპი ჩააშენა. ამას გარდა, პლანშეტმა მოიპოვა IP67 სტანდარტის წყალგამძლეობის სერტიფიკატი, რომელიც კორპუსს წყალში ჩაძირვისგან საიმედოდ იცავს. კ
კომპანიამ მოწყობილობა უფრო თხელი და მსუბუქი კორპუსით შექმნა და მასში Acoustic Display-ს სახელწოდების დინამიკების ახალი სისტემა ჩააშენა. ამასთან, ვიდეოზარების გამარტივების მიზნით ინჟინრებმა წინა კამერა ჰორიზონტალურ მხარეს, ცენტრალურ ნაწილში გადაიტანეს.
ცნობისთვის, Apple-მა წინა თაობის iPad Mini ორი წლის წინ გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტმა განახლებული პლანშეტი Mac-ის კომპიუტერების დაგეგმილ პრეზენტაციამდე ორი დღით ადრე წარადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge