
"პრაქტიკულად, საგარეო საქმეთა ორი მინისტრი გვყავს: ბოჭორიშვილი და ზურაბაშვილი"|ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან
„პრაქტიკულად საგარეო საქმეთა ორი მინისტრი გვყავს - გიორგი ზურაბაშვილის როლი და ფუნქცია უფრო მაღალია, ვიდრე მაკა ბოჭორიშვილის, რადგან ის პრემიერის პირადი წარმომადგენელია ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში“, - ასე გამოეხმაურა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი გასულ კვირას განხორციელებულ საკადრო გადაადგილებას.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა, რომელიც ამავდროულად მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის პოსტსაც შეინარჩუნებს, პოლიტიკურ და დიპლომატიურ საზოგადოებაში არაერთ კითხვას აჩენს.
ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, ირაკლი კობახიძე ბოლომდე გულწრფელი არ არის, როდესაც ამბობს, რომ „განსაკუთრებული არაფერი ხდება“. დიპლომატი ვარაუდობს, რომ ამ ნაბიჯის უკან, სინამდვილეში, რუსეთის მხრიდან გადადგმული გამაფრთხილებელი სიგნალები და ქართული პროდუქციის ნაწილზე დაწესებული ემბარგო დგას, ხოლო ფორმატის გაფართოებაზე საუბარი - როდესაც პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია - ან მოსკოვთან ფარულ მოლაპარაკებებზე მიუთითებს, ან პრემიერის წამოცდენაა.
საქმე ის არის, რომ რუსეთში სპეციალური წარმომადგენლის პოსტი 2025 წლის დეკემბრიდან ვაკანტური იყო. ბოლოს ეს პოზიცია, დაახლოებით, ერთი წელი გიორგი ქაჯაიას ეკავა, იქამდე კი 12 წლის განმავლობაში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს ზურაბ აბაშიძე იკავებდა და ე.წ. პრაღის ფორმატში პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გრიგორი კარასინთან ძირითადად სავაჭრო ურთიერთობებზე, სატრანსპორტო კავშირებსა და ჰუმანიტარულ-კულტურულ საკითხებზე.
„ზურაბ აბაშიძე, რომელიც რუსეთში საქართველოს პრემიერის პირველი წარმომადგენელი იყო, ნამდვილად მძიმეწონიანი დიპლომატია. ის ძალიან საკვანძო თანამდებობებზე მუშაობდა თავის დროზე და, რა თქმა უნდა, თავისი კონტაქტებიც აქვს მოსკოვში. ამიტომ, თუ რამის გაკეთება შეიძლებოდა, ეს შესაძლებელი იყო ზურაბ აბაშიძის მეშვეობით. ახლა მეეჭვება, რომ მანდატის გაფართოებამ საქართველოს სასიკეთოდ რაიმე ძვრები მოგვიტანოს“, - განაცხადა დიპლომატმა „წერტილში“.
ამასთან, ვალერი ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ ოფიციალურ მოსკოვთან ფუნდამენტური ინტერესების აცდენის გამო, „გაფართოებული მანდატის“ ფორმატი საქართველოს სასიკეთოს ვერაფერს მოუტანს.
ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან
- თქვენთვის, როგორც დიპლომატისთვის, რას ნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის დანიშვნა პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთში და ცვლის თუ არა ეს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატის როგორც შინაარსს, ისე - რანგს?
- პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ნორმალურია, როდესაც ინიშნება პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში. რატომ? იმიტომ, რომ მტერსაც კი ელაპარაკებიან დიპლომატები. ნებისმიერი კონფლიქტი აუცილებლად მთავრდება გარკვეული შეთანხმებებით და იმის გათვალისწინებით, რომ თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, ნორმალურია, რომ სპეციალური წარმომადგენელი გვყავს; ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მისი მანდატი იყოს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული. ირაკლი კობახიძე რომ ამბობს, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ისე დაინიშნა [სპეცწარმომადგენელი რუსეთში], ალბათ არ არის ბოლომდე გულწრფელი, რადგან რაღაცამ შეაწუხა „ქართული ოცნება“ რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში და ეს სავსებით გასაგებია. თუნდაც ის, რომ რუსეთში [ექსპორტზე] შეზღუდვები დაუწესდა 7 ქართულ კომპანიას სრულიად დაუსაბუთებლად, როგორც საერთოდ სჩვევია ხოლმე რუსეთს - ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ; არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა დიდი თუ პატარა, კომპაქტური თუ დიდი ბაზრის მქონე ქვეყანა, რომელიც არის რუსეთის ირგვლივ; ბელარუსიც კი იყო ამ ემბარგოს მსხვერპლი გარკვეულ ეტაპებზე… მანამდეც იყო ძალიან ნეგატიური პოლიტიკური გზავნილი მმართველი პარტიის მიმართ, როდესაც დაიწყეს ბატონი რომანოვ-ფარცხალაძისგან რაღაც პოლიტიკური ფაქტორის გამოძერწვა რუსეთში. არ მგონია, რუსეთის პოლიტიკურ ველს სჭირდებოდეს რომანოვ-ფარცხალაძე. ვერანაირ სარგებელს ის რუსეთის ხელისუფლებას ვერ მოუტანს. ვერც ვიხილავთ ფრონტის ხაზზე თავისი ბატალიონის შემადგენლობასთან ერთად; მან ძალიან კარგად იცის რომ, მაგალითად, სექტემბერში 46 000 ოკუპანტი იყო განადგურებული და 22 ოქტომბერს უკრაინელებმა რეკორდი დაამყარეს - 2 250 ოკუპანტი გაანადგურეს. ამ ვითარებაში რომანოვ-ფარცხალაძეს ალბათ დიდი ენთუზიაზმი არ აქვს. ე.ი. რისთვის ძერწავენ ამ საფრთხობელას?! საქართველოს პოლიტიკური სივრცისთვის და ეს, პირველ რიგში, მიმართულია მმართველი პარტიის ინტერესების წინააღმდეგ იმის გათვალისწინებით, რომ ის ძებნილად არის გამოცხადებული საქართველოს ინსტიტუტების მიერ. ეს ყოველივე, ვფიქრობ, საკმაოდ დამაფიქრებელი ფაქტორების ჯაჭვია - რუსეთის მხრიდან გადადგმული კონკრეტული გამაფრთხილებელი ნაბიჯები და ამის შედეგად, ალბათ იმის იმედით, რომ ბატონი გიორგი ზურაბაშვილი შეეცდება და შეძლებს ამ ვითარების გამოსწორებას, ის იქნა დანიშნული სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე… ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას ყურში მოგვხვდა ის, რომ ბატონმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნისას გამოაცხადა გაფართოებული მანდატი - [ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია] ანუ მან ახსენა პირველ რიგში, რუსეთთან კონფლიქტის მოგვარება და შემდგომ ტრანსპორტი, ვაჭრობა და ასე შემდეგ. დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსის სწორად განსაზღვრა და ეს არ არის ცალმხრივად განსაზღვრის საქმე. მანდატი განისაზღვრება ორმხრივად, შესაბამისი კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შედეგად…
- ვარაუდობთ, რომ სანამ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას წარუდგენდა გიორგი ზურაბაშვილს, როგორც სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, რომელიც თან მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას შეინარჩუნებდა, საკითხი გავლილი იყო რუსულ მხარესთანაც?
- თუ ამას სერიოზულად უდგება მმართველი პარტია, ვიღაცამ რაღაც ფორმატში, რაღაც დონეზე ვიღაცასთან იქ - რუსეთში, აწარმოა შესაბამისი კონსულტაციები და მოლაპარაკება შედგა ახალ, გაფართოებულ მანდატზე. ვფიქრობ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი და სერიოზული საკითხია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს: ვინ, სად, ვისთან და როდის აწარმოა ეს მოლაპარაკებები. ან შეიძლება ამას უფრო მარტივი ახსნა ჰქონდეს - უბრალოდ სიტყვა გაექცა ბატონ ირაკლი კობახიძეს და შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ მას კარგად გააზრებული არ აქვს ამ მანდატის არსებითი მხარე...
- თქვენ რომელი ვერსიისკენ იხრებით - ფრაზა - “რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია” წამოცდენა იყო?
- ვფიქრობ, ალბათ უფრო წამოცდენა იყო, რადგან ვერ ვიჯერებ, ვინმესთან კულუარული, ფარული მოლაპარაკებები გამართა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე მმართველმა პარტიამ, ბატონმა ირაკლი კობახიძემ ან მისი დავალებით ვინმემ... თუმცა არც ამას გამოვრიცხავ. ორივე შემთხვევაში ეს ბადებს ძალიან სერიოზულ კითხვებს.
- აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების კრიზისის ფონზე, ხომ არ მზადდება ნიადაგი რუსეთთან დიალოგის უფრო ფართო, ორმხრივ ფორმატში გადასასვლელად?
- გარკვეული საფრთხეები ამ მიმართულებით არსებობს, ვინაიდან ახლა ჩვენი წარმომადგენელი ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებშიც გახდება გიორგი ზურაბაშვილი. მოგეხსენებათ, ჟენევის ფორმატი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის არ გვტოვებს პირისპირ რუსეთთან. იქ ჩვენ ზურგს გვიმაგრებენ ჩვენი პარტნიორები, რომლებსაც ბოლომდე პარტნიორებად მმართველი პარტია და ჩვენი მთავრობა, სამწუხაროდ, არ მიიჩნევს - ამას, სამწუხაროდ, ყოველდღე ვისმენთ. ბატონი გიორგი ზურაბაშვილი გამოცდილი დიპლომატია. საგარეო საქმეთა სამინისტროში როცა ვმუშაობდი, ის ფაქტობრივად, ჩემს თვალწინ იზრდებოდა, როგორც დიპლომატი. მას აქვს ძირითადად უფრო მეტი გამოცდილება ევროპული მიმართულებით, რომელსაც ახლა მაინცდამაინც კარგად ვერ იყენებს, იმიტომ რომ ბატონ გიორგი ზურაბაშვილსაც იყენებს მთავრობა საიმისოდ, რომ კრიტიკა გააჟღეროს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ...
- იყენებს თუ ეს მისი არჩევანიც არის?
- სიმართლე გითხრათ, ცოტა მიკვირს ეს ტრანსფორმაცია, რომელსაც ვხედავ მასში, მაგრამ ეს ალბათ მისი არჩევანი და გადაწყვეტილებაა… იცით, რუსეთთან მოლაპარაკებები თავისთავად არის ძალიან რთული საგანი. იმის გარდა, რომ კარგად უნდა იცოდე რუსული და ეს რუსული ნამდვილად კარგად იცის ბატონმა გიორგიმ, უნდა იცოდე ბევრი სხვა რამეც. რუსი მომლაპარაკებლები ძალიან კარგად არიან მომზადებულები, ძალიან შეთანხმებულად მუშაობენ და ეყრდნობიან ძალიან გასაგებ პრინციპებსა და გზავნილებს, რაც კარგად არის ჩამოყალიბებული რუსეთის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციებში. სხვათა შორის, მინდა ვურჩიო ბატონ გიორგი ზურაბაშვილს, რომ ყურადღებით გაეცნოს ამ დოკუმენტებს - ბევრ რამეს თავისთვის უფრო ნათლად ჩამოაყალიბებს. ვფიქრობ, მას ძალიან რთული ამოცანა უდგას წინ. ბატონი ზურაბ აბაშიძე, რომელიც რუსეთში საქართველოს პრემიერის პირველი წარმომადგენელი იყო, ნამდვილად მძიმეწონიანი დიპლომატია. ის ძალიან საკვანძო თანამდებობებზე მუშაობდა თავის დროზე და, რა თქმა უნდა, თავისი კონტაქტებიც აქვს მოსკოვში. ამიტომ, თუ რამის გაკეთება შეიძლებოდა, მაშინ შეიძლებოდა ზურაბ აბაშიძის მეშვეობით. ახლა მეეჭვება სინამდვილეში, რომ საქართველოს სასიკეთოდ რაიმე ძვრები მოგვიტანოს ამ მანდატის და ამ ფორმატის გააქტიურებამ.
- რატომ?
- ფუნდამენტური გზავნილები რუსეთის მხარისა და საქართველოს მხარის პოზიციებთან კონფლიქტშია. რუსები ამბობენ ძალიან გასაგებად - ეს ცივ შხაპად ესხმება საქართველოს მთავრობას რუსეთის მიმართულებით გადადგმული ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ - რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ცნობა არ გადაიხედება და დროა, საქართველომ აღიაროს რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური გარემოებები, რის შემდეგაც შეიძლება, რაღაცაზე მოვილაპარაკოთ. ეს არის, პრაქტიკულად, ციტირება იმ საგარეო პოლიტიკური კონცეფციის, რომელზედაც მოგახსენეთ, ხოლო ქართული მხრიდან ბატონმა ირაკლი კობახიძემ ძალიან მკაფიოდ და სწორად გააჟღერა ჩვენი ფუნდამენტური პრინციპი, რომ ვიდრე რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობის გაწვევა არ მოხდება, გამორიცხულია ყოველგვარი საუბარი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით.
- მაშინ რატომ გადაწყდა, რომ საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი რუსეთში ყოფილიყო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ამ ფორმით პრაღის მოლაპარაკებების ფორმატის რანგი აეწიათ?
- ახლა გამოდის, რომ პრაქტიკულად საგარეო საქმეთა ორი მინისტრი გვყავს. იმიტომ, რომ გარკვეულწილად ბატონი გიორგი ზურაბაშვილის როლი და ფუნქცია უფრო მაღალია, ვიდრე ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის - როგორც მინიმუმ, ის უფრო ხშირად შეხვდება ბატონ ირაკლი კობახიძეს, ვიდრე - ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, იმიტომ რომ არის საკუთრივ მისი პირადი წარმომადგენელი ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში - [რუსეთზე] დიდი ხიფათი და რისკი საქართველოსთვის არ არსებობს. რას მოიტანს ეს [ყველაფერი] დავინახავთ…
- ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სპეცწარმომადგენლის დანიშვნა ქართული პროდუქციის აკრძალვას არ უკავშირდება, თუმცა ვინაიდან მოსკოვიდან მოდის ხმები, რომ სიაში კიდევ 40-მდე კომპანიაა. რა შეიძლება იყოს სპეცწარმომადგენლის როლი და ხომ არ შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ პროცესმა დააჩქარა გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა?
- ვფიქრობ, შეგვიძლია [ვივარაუდოთ], რადგან ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი ოფიციალური საკომუნიკაციო არხი, რომელიც ჩვენ ვიცით. ის კი, ბატონი ზურაბ აბაშიძის გადადგომის შემდგომ, პრაქტიკულად უმოქმედო იყო… ზურაბ აბაშიძის შემდეგ ამ პოსტზე [დაახლოებით5 წელი] ბატონი გიორგი ქაჯაია იყო - სხვათა შორის, ისიც ძალიან გამოცდილი ადამიანი იყო საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, მაგრამ მას წელიწად-ნახევრის განმავლობაში არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია. რატომ? იმიტომ, რომ პრაქტიკულად, როგორც თვითონ ზურაბ აბაშიძემაც აღიარა რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე გადადგებოდა, ამ მანდატმა საკუთარი რესურსი ამოწურა. შემდეგ ალბათ ბატონმა გიორგი ქაჯაიამაც დაინახა, რომ აქ ქმედითად უკვე არაფერზე იყო ლაპარაკი შესაძლებელი და დატოვა ეს თანამდებობა. ეს პოსტი დიდხანს იყო ვაკანტური და ახლა გადაწყდა დანიშვნა. ალბათ გადაწყდა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ დაფიქრდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნეგატიურ ნაბიჯებს ხედავს რუსეთის მხრიდან, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სფეროში - ვგულისხმობ [ქართული კომპანიების ნაწილის დროებით შეზღუდვას]. როგორც ჩანს, ამ კონფლიქტური ვითარების დარეგულირების იმედი აქვთ.
BM.GE
წყარო: bm.ge