
"არ მგონია, ესპანეთი ან ნიდერლანდები საბჭოთა კავშირში ბრუნდებოდეს, სადაც მსგავსი მოდელია" |მინისტრი გზების მოვლა-შენახვაზე
"არ მგონია, ესპანეთი ან ნიდერლანდები საბჭოთა კავშირში ბრუნდებოდეს, სადაც მსგავსი მოდელია", - ასე გამოეხმაურა ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ოპონენტებს, რომლებმაც მისი თქმით, გზების მოვლისთვის სახელმწიფო საწარმოს შექმნა გააკრიტიკეს.
მან თქვა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის ღია და მიაჩნია, რომ უწყებასთან კომუნიკაცია არავის არ უჭირს, ამიტომ აღნიშნულ საკითზე კითხვების შემთხვევაში ნებისმიერს შეუძლია უწყებას მიმართოს.
საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებას გეგმავს. აქამდე აღნიშნულ ფუნქციას ტენდერების მეშვეობით გამოვლენილი კერძო კონტრაქტორები ასრულებდნენ, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულ ფუნქციას სპეციალურად ამ მიზნისთვის დაფუძნებული სახელმწიფო კომპანია გადაიბარებს. პირველ ეტაპზე კომპანია გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მოვლა-შენახვის და მართვის სამუშაოებს განახორციელებს.
"ჩვენს ოპონენტებს მინდა გამოვეხმაურო, რომ კერძო ბიზნესს კონკურენციას ვუწევთ. თუ ნებისმიერი საკითხის და ინიციატივის კრიტიკა კარგ ტონად ითვლება, კი ბატონო, ეს მათი არჩევანია. თუმცა მე მგონია, რომ როდესაც პრეტენზია გაქვს კვალიფიციურ აზრზე და დასკვნაზე, უნდა შეისწავლო საკითხი. როგორც მინიმუმ უნდა იკითხო, თუნდაც სამინისტროში, იმიტომ რომ ჩვენთან კომუნიკაცია არავის არ უჭირს, ამის პრობლემა არასდროს არ ყოფილა, მათ შორის ოპონენტებს. ჩვენ მათ ავუხსნიდით აუცილებლად რაშია საქმე და დარწმუნებული ვარ რომ ისინი ამ მოსაზრებას არ გააჟღერებდნენ... მოვისმინე კიდეც რომ საბჭოთა კავშირში დაბრუნება... სასაცილოა, არ მგონია ესპანეთი ან ნიდერლანდები საბჭოთა კავშირში ბრუნდებოდეს, სადაც მსგავსი მოდელია“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისი განმარტებით, უამრავი შემთხვევაა, როდესაც კერძო კომპანიები გზების მოვლა-შენახვაში შეცდომებს უშვებენ და სამუშაოების ჩატარება თავიდან უხდებათ. რევაზ სოხაძემ აღნიშნული შემთხვევის მაგალითად, „სამტრედია-გროგოლეთის გზა დაასახელა და თქვა, რომ შესაძლებელი იყო მისი გაცილებით მცირე დანახარჯებით ხარისხიანად გაკეთება". მინისტრმა აღნიშნული ინიციატივის ამოსავალ წერტილად კომპანიების მოძველებული ტექნიკა დაასახელა, რითაც, მისი აზრით, გზების მოვლა აღარ უნდა ხდებოდეს.