
"არ მგონია, სახელმწიფოს ჩარევას ეკონომიკაში რაიმე ტიპის დამატებითი ღირებულება ჰქონდეს” - ლექსო ალექსიშვილი
PMCG კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ლექსო ალექსიშვილი თვლის, რომ მთავრობას ახალი აგრორეფორმით ეკონომიკაში მეტად ჩარევის მიზანი აქვს, რაც მისივე შეფასებით, არასწორია. მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში აგროსექტორის დაფინანსების, ასევე მევენახეობაში განხორციელებული ცვლილებებით, ხელისუფლების ეკონომიკაში დისკრეციის გაზრდის მიზნებთან დაკავშირებით ლექსო ალექსიშვილმა გადაცემა “ანალიტიკაში” დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის შემდეგ მთავრობები და ახლა უკვე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სულ უფრო მეტად ცდილობს თავისი გადაწყვეტილებებით ეკონომიკასა და ბიზნესში ჩარევას, რაც “აბსოლუტურად არასწორია":
- ბოლო პერიოდში მთავრობა ეკონომიკაში თავისი დისკრეციის გაზრდას ცდილობს. მაგალითად, აგროდაფინანსების სქემიდან ბანკების ფილტრის ამოღებას გეგმავს, კომერციული ვენახის გაშენებისთვის სახელმწიფოსგან ნებართვის აღება დაგჭირდება, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის პრემიებს და ჯილდოებს აბრუნებს… - არის თუ არა ეს ეკონომიკაში დისკრეციის ზრდა? თქვენი აზრით, რით არის გამოწვეული ეს და დადებითია თუ უარყოფითი?
- როგორც მივხვდი გაინტერესებთ, ამ ცვლილებებით განიზრახავს თუ არა მთავრობა ეკონომიკაში უფრო მეტად ჩარევას და არის თუ არა ეს მისი ამოცანა? ვფიქრობ, ალბათ, არის და მგონია, არცერთ შემთხვევაში ეს სწორი არ არის. რადგან, ახლა რასაც ვუყურებთ, ეს გარკვეულწილად ტრენდი გახდა პანდემიის შემდგომ პერიოდში. მეორე მხრივ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკების შემდგომ ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ რაც უფრო მეტად ჩაერევა სახელმწიფო ეკონომიკის საქმიანობაში და ბიზნესში, მით უკეთესი იქნება - ეს გააძლიერებს ეკონომიკას, შექმნის რაღაც ახალ დინამიკას ეკონომიკაში... რაც მგონია, რომ აბსოლუტურად არასწორია. საერთოდ არ მგონია, რომ სახელმწიფოს ჩარევას ეკონომიკაში შეიძლება რაიმე ტიპის დამატებითი ღირებულება ჰქონდეს, გარდა ერთისა, სახელმწიფომ უნდა მიხედოს სახელმწიფოს საქმეებს.
ყველაზე მთავარი საკითხი რაც არის,ამ თვალსაზრისით, არის შემდეგი - უზრუნველყოს უსაფრთხოება, უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, შეეცადოს, რომ ინფრასტრუქტურაში ძალიან მოზომილი იყოს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ინფრასტრუქტურაში უკიდეგანოდ ინვესტირება თავისთავად პრობლემაა. ჩვენ ამას ბევრ ქვეყანაში ვხედავთ, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. უამრავი კვლევა არსებობს, რომ ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, თუ მას სწორი ანალიტიკა არ აქვს და არ არის ეს კარგად გაზომილი, არაეფექტურია, რადგან ხშირ შემთხვევაში ვაშენებთ რაღაცას, რომელსაც მერე არ იყენებენ ისე ეფექტურად როგორც საჭიროა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი საკითხი ის არის, რომ სახელმწიფომ, მთავრობამ მისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საფუძველს მიხედოს, რომელზეც დგას სახელმწიფო და ამ შემთხვევაში უფრო კარგი შედეგი ექნება.
BM.GE
წყარო: bm.ge