მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. არ შეიძლება, ერთი და იმავე ინფრასტრუქტურის მშენებლობა სახელმწიფოსა და ბიზნესს სხვადასხვა ფასი უჯდებოდეს - ლევან ჟორჟოლიანი
არ შეიძლება, ერთი და იმავე ინფრასტრუქტურის მშენებლობა სახელმწიფოსა და ბიზნესს სხვადასხვა ფასი უჯდებოდეს - ლევან ჟორჟოლიანი

არ შეიძლება, ერთი და იმავე ინფრასტრუქტურის მშენებლობა სახელმწიფოსა და ბიზნესს სხვადასხვა ფასი უჯდებოდეს - ლევან ჟორჟოლიანი

BM.GE27 ივლისი, 2026, 15:14|bm.ge

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ინფრასტრუქტურის სექტორში განხორციელებული რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყანაში ხარისხიანი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის შექმნას უზრუნველყოფს.

ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სამშენებლო სექტორისა წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი მშენებლობის ხარისხია, რათა ახალ ობიექტებს ექსპლუატაციაში შესვლიდან რამდენიმე თვეში ან წელიწადში რეაბილიტაცია არ დასჭირდეთ.

"მთავრობის ადმინისტრაციისა და მშენებელთა ასოციაციის თანაორგანიზებით ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც მთავრობის ადმინისტრაციასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჰქონდა საშუალება, უშუალოდ სამშენებლო სექტორისგან არა მხოლოდ მშენებლებისგან, არამედ პროექტანტებისგანაც მოესმინა ის მოსაზრებები თუ შენიშვნები, რაც ზოგადად ამ სფეროში გვაქვს. ვიცით, რომ ბოლო ერთ წელიწადში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკის შეცვლის თვალსაზრისით. ეს იყო პერიოდი, რომელიც ამ ქვეყანას უნდა გაევლო, რათა შემდგომში მივიღოთ უკეთესი ინფრასტრუქტურა. არ შეიძლება, კონკრეტული პროექტის განხორციელებიდან რამდენიმე თვეში ან რამდენიმე წელში იმავე ინფრასტრუქტურას სჭირდებოდეს რეაბილიტაცია ან რემონტი, არამედ მხოლოდ მოვლა-პატრონობა უნდა სჭირდებოდეს.

ჩვენ დავნერგეთ ისეთი სიახლეები, როგორიც არის ინდექსაცია. ასევე, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ძალიან სერიოზული მუშაობის შედეგად, დადგინდა მანქანა-მექანიზმების, მასალებისა და ხელფასების ფასები. აქამდე ქვეყანაში არ ვიცოდით, რა იყო ის საბაზრო ფასები, რომლითაც ესა თუ ის მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო. არ შეიძლება მაგალითად, სახელმწიფოსა და ბიზნესს სხვადასხვა ფასი უჯდებოდეს ერთი და იგივე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ის არასწორი პრაქტიკა, რაც აქამდე ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით არსებობდა გავასწორეთ.

რაც შეეხება ინდექსაციას, იგი დავტოვეთ მხოლოდ მასალებსა და მანქანა-მექანიზმებზე, რასაც თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. არ გვინდა, რომ სახელმწიფო გახდეს ხელფასების მიმართულებით ინფლაციის განმაპირობებელი და შესაბამისად, ვუბიძგოთ კონკრეტულ სექტორს, რომ დაუსაბუთებლად მოხდეს ხელფასების ინფლაცია ანუ მოხდეს მატება, რომელიც არ იქნება იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებში, რაც იმ პერიოდში აქვს ქვეყანას. შესაბამისად, ინდექსაცია გავრცელდება ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ მასალებსა და მანქანა-მექანიზმებზე, რაც ძალიან დიდი შეღავათია, იმიტომ რომ ეს იყო საკითხი, რომელსაც სამშენებლო სექტორი 35 წელია ითხოვს, არასდროს გადაწყვეტილა და მხოლოდ ახლა ამოქმედდება ჩვენ მიერ მიღებული რეფორმების შედეგად.

ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაახლოებით 30-დან 40%-მდე მოდის ხელფასებზე, ამიტომ, რათა არ მოხდეს ხელფასების ისეთი ზრდა, რომელიც არ იქნება შესაბამისობაში მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან და ამით არ გამოვიწვიოთ ხელოვნური ინფლაცია ქვეყანაში. იცით, რომ სახელმწიფო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსყიდველი განსაკუთრებით მშენებლობის მიმართულებით, რამდენიმე მილიარდი იხარჯება, ამიტომაც ვაზღვევთ ამ რისკს და ვფიქრობთ, რომ მასალებისა და მანქანა-მექანიზმების მიმართულებით ინდექსაცია ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია.

შევხედავთ, პრაქტიკაში ეს ყველაფერი როგორ იმუშავებს. აბსოლუტურად გახსნილები ვართ და მზად ვართ, მივიღოთ ნებისმიერი წინადადება თუ შენიშვნა", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე შენგელია კარიერას "დუბაიში" გააგრძელებს

თორნიკე შენგელია კარიერას "დუბაიში" გააგრძელებს

BM.GE

"ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას" - "თელასი"

"ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას" - "თელასი"

BM.GE

2026 წლის I ნახევარში რკინიგზის შემოსავლები 19%-ით გაიზარდა - ლაშა აბაშიძე

2026 წლის I ნახევარში რკინიგზის შემოსავლები 19%-ით გაიზარდა - ლაშა აბაშიძე

BM.GE

საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი

საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი

BM.GE