
თხევადი გაზის სექტორის მიმართ შეღავათების დაწესებაა საჭირო - ზაალ იაკობიძე
შექმნილ ვითარებაში, როდესაც საწვავზე ფასები ისედაც მაღალია, სახელმწიფოს მხრიდან თხევადი გაზის სექტორის მიმართ უფრო ლიბერალური დამოკიდებულება და შეღავათების დაწესებაა საჭირო. ამის შესახებ BMG-სთან „სენტა პეტროლიუმის“ დირექტორი ზაალ იაკობიძე აცხადებს. მისი თქმით, ეს მიდგომა ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებულ საერთო საფასო წნეხს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა.
როგორც ზაალ იაკობიძე განმარტავს, ფასების ზრდასთან ერთად, სექტორისთვის თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაწესებული რეგულაციები და გასამართი სადგურების შეზღუდვები სერიოზულ გამოწვევად რჩება. მისი თქმით, მერიასთან კომუნიკაციისა და სასამართლოში შეტანილი სარჩელების მიუხედავად, ადგილობრივ ხელისუფლებას პოზიცია არ შეუცვლია, რის გამოც, ბევრი ობიექტი დაჯარიმდა ან დაიხურა.
„მერიასთან იყო კომუნიკაცია, როგორც ჩემი კომპანიიდან, ასევე სხვა კომპანიების მხრიდან და მათ პოზიცია არ შეუცვლიათ ამასთან დაკავშირებით. ბევრმა შეიტანა სარჩელი სასამართლოში, თუმცა, იქიდანაც რამე დადებითი გადაწყვეტილება მე არ გამიგია.
დაჯარიმებული კომპანიების ნაწილი მაინც ამუშავებს, ზოგიერთი მეორეჯერ დააჯარიმეს და ასე ვთქვათ, არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა ბიზნესის ეს მიმართულება.
ჩემი პოზიცია ისეთია, რომ მით უმეტეს ასეთ ვითარებაში, როდესაც ფასები ძალიან მაღალია, ამ მიმართულებას, რაღაცა შეღავათები უნდა ჰქონდეს და ცოტა ლიბერალური დამოკიდებულება უნდა იყოს ამ სექტორის მიმართ. ეს გარკვეულწილად შეასუსტებს ამ წნეხს, რომელიც ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებობს“, - აცხადებს ზაალ იაკობიძე BMG-სთან.
გაზგასამართ სადგურებზე LPG-ის ფასი საშუალოდ 1 ლარი და 70 თეთრია, ზოგიერთ ქსელში კი, 2 ლარს აღემატება. სექტორში საწვავის დამატებით გაძვირებასაც ელიან, ვინაიდან რუსეთში, რომელიც თხევადი გაზის ძირითადი მომწოდებელია, ფასები გაორმაგებულია. LPG-ის ძირითად მომწოდებლად კვლავ რუსეთი რჩება, თუმცა მიწოდების შეწყვეტის ან დეფიციტის შექმნის საფრთხე ამ ეტაპზე არ დგას.
პარალელურად, იმპორტიორების ინფორმაციით, დედაქალაქში მოქმედი 200-მდე გაზგასამართი სადგურიდან რამდენიმე ათეული საერთოდ გაჩერებულია, 100-ზე მეტი ბიზნესოპერატორი კი საჯარიმო სანქციების ქვეშაა. მიზეზი მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესებია, რომლითაც, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან თბილისის სხვადასხვა ზონაში აღნიშნული მასალების განთავსება აიკრძალა. დადგენილების წესების დარღვევისთვის სანქცია 2500-დან 5000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
BM.GE
წყარო: bm.ge