
არაბეთი პარიზში $7-მილიარდიანი Dragon Ball Z-ის თემატური პარკის აშენებას დააფინანსებს
საფრანგეთმა და საუდის არაბეთმა პარიზის სიახლოვეს $7 მილიარდის ღირებულების გასართობი პარკის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იაპონური მანგასა და ანიმეს, Dragon Ball Z-ის სამყაროთი შთაგონებული პროექტი საფრანგეთის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, სერჟი-პონტუაზის მიმდებარედ განთავსდება.
მშენებლობის დაფინანსებას საუდის არაბეთის გასართობი და ინვესტიციების ჯგუფი Qiddiya უზრუნველყოფს. აღნიშნული ინიციატივა სამეფოს გლობალური ეკონომიკური დივერსიფიკაციის სტრატეგიას უკავშირდება, რომელიც ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებასა და ტურიზმისა თუ გართობის სექტორში პოზიციების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
როგორც ირკვევა, მასშტაბური პროექტის იდეა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შორის 2025 წელს, ელ-რიადში გამართული შეხვედრის დროს გაჩნდა. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ორი ქვეყნის ლიდერმა Dragon Ball Z-ის მიმართ საერთო ინტერესი სწორედ აღნიშნული ვიზიტისას აღმოაჩინა.
მასშტაბური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც სამ სხვადასხვა თემატურ პარკს გააერთიანებს, რამდენიმე წელს გაგრძელდება. ოფიციალური პირების განცხადებით, ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პროექტის ფარგლებში დაახლოებით 22,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ცნობისთვის, Dragon Ball Z იაპონური ანიმაციური სერიალის გლობალური ფრანშიზაა, რომლის ავტორიც აკირა ტორიამა გახლავთ. პროექტი ევროპაში გასართობი ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ უდიდეს ინვესტიციად მიიჩნევა.
BM.GE
წყარო: bm.ge