
სახელმწიფო უნივერსიტეტებში 3 700 თავისუფალი ადგილი დარჩა, ეს პატარა რიცხვი არ არის - ექსპერტი
უმაღლესი განათლების ექსპერტ ლიკა ღლონტის თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების ვაკანტური ადგილები დარჩა.
საქმე ისაა, რომ 2026-2027 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტების მისაღები კონტინგენტი 21 574 სტუდენტით განისაზღვრა, ჩარიცხულთა რაოდენობა კი 17 862-ია.
როგორც ექსპერტმა BM.GE-სთან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შეფასებისას აღნიშნა, დარჩენილია დაახლოებით 3 700 ადგილი, რაც საკმაოდ ბევრია. ექსპერტის თქმით, ეს სახელმწიფოს მიერ მისაღები ადგილების იმგვარ გადანაწილებას უკავშირდება, რომელმაც რიგ მოთხოვნად მიმართულებებზე ადგილები შეამცირა, ნაკლებად მოთხოვნადებზე კი გაზარდა
"პირველ რიგში, უნდა მივულოცოთ აბიტურიენტებს. შედეგები, რასაც პრინციპში, ველოდით, გამოვლინდა იმაში, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში არ შეივსო ყველა გამოყოფილი უფასო ვაკანტური ადგილი, დაახლოებით 3 700 ადგილი დარჩა. სანახავი არის დეტალურად, რომელ უნივერსიტეტებში და რომელ პროგრამებზე არ ან ვერ ჩაირიცხნენ სტუდენტები, თუმცა ეს მონაცემები ჯერ არ გვაქვს. მაგრამ თავიდანვე ცნობილი იყო, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული დანაპირები იმის შესახებ, რომ სწავლა იქნება აბსოლუტურად უფასო, ძალიან დიდ ფინანსურ ტვირთად დააწვებოდა ბიუჯეტს და სახელმწიფო იყო პირველ რიგში დაინტერესებული, რომ ყველა ადგილი არ შევსებულიყო. 3 700 ვაკანტური ადგილი, ცხადია, ბიუჯეტს დიდად არ უშველის, მაგრამ ტენდენცია გასაგებია. მთავარი მაჩვენებელი ამისა იყო, როდესაც ვნახეთ, როგორ გადანაწილდა ადგილები პროგრამების მიხედვით. ნაკლებ მოთხოვნად და ნაკლებად პოპულარულ დარგებზე იყო მომატებული მისაღები ადგილების რაოდენობა. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის მიმართულებით არასოდეს იყო ხოლმე მაღალი კონკურსი და წელს კიდევ გაზარდეს ადგილები და საინტერესო იქნება, ყველა ადგილი შეივსო თუ არა. ასე ვთქვათ, იქმნებოდა ილუზია, რომ „აგერ, ბატონო, არის სასწავლო ადგილები და სახელმწიფო ამას აფინანსებს“, მაგრამ ადგილების მატება რიგ შემთხვევებში მოხდა ნაკლებად მოთხოვნად დარგებზე. ანუ, აპრიორი შეიძლებოდა უკვე იმის პროგნოზირება, რომ ეს ადგილები არ შეივსებოდა.
3 700 ადგილზე როცა ვლაპარაკობთ, პატარა რიცხვი არ არის. ამაზე მიბმული არის უნივერსიტეტების ბიუჯეტიც, ამაზე მიბმულია ბევრი რაღაცა და, ბოლოს და ბოლოს, კიდევ საინტერესო იქნება სახელმწიფო რას იტყვის, იმიტომ რომ შეგახსენებთ, წელს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე სახელმწიფოს დაკვეთა იყო ადგილების ეს რაოდენობა. 3 700 პოტენციური სპეციალისტი აკლდება ახლა სახელმწიფოს, თუ დავუჯერებთ მათ შრომის ბაზრის კვლევას. საინტერესო იქნება, როგორ როგორ შეეცდებიან დანაკლისი სპეციალისტების ანაზღაურებას პერსპექტივაში.
რამაც მე სასიამოვნოდ გამაკვირვა, არის ის, რომ კერძო უმაღლეს სასწავლებლებში ძალიან მკვეთრი ვარდნა არ ჩანს. ანუ, 11 619 სტუდენტი მიიღეს და ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი. თუმცა ეს არის პირველადი შეფასება, ჩვენ არ გვაქვს ჩაშლა პროგრამების და სასწავლებლების მიხედვით. საინტერესო იქნება, რა ხდება რეგიონულ უნივერსიტეტებში, საინტერესო იქნება, ვთქვათ, მოთხოვნად და ნაკლებად მოთხოვნად დარგებში გადანაწილების ნახვა. ანუ, სტატისტიკური მონაცემები როდესაც გვექნება, მაშინ უფრო დეტალური ანალიზის გაკეთება იქნება შესაძლებელი", - ამბობს ლიკა ღლონტი.
ის ასევე ყურადღებას ამახვილებს ზოგად ტენდენციაზე, რომლის მიხედვითაც სტუდენტების რაოდენობა მცირდება და ამ კონტექსტში აღნიშნავს მიზეზების შესწავლის საჭიროებას.
"ზოგადად, 2, 3 ათასით მცირდება ბოლო სამი წლის განმავლობაში სტუდენტების ჯამური რაოდენობა და ეს ძალიან დასაფიქრებელი ტენდენციაა. დემოგრაფიაც უნდა გავითვალისწინოთ, ასევე ძალიან სერიოზული მიგრაციული პროცესები, როდესაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ტოვებს საქართველოს. ყველაზე რთული მოსაპოვებელი სტატისტიკა არის, რამდენი ქართველი ახალგაზრდა დამოუკიდებლად მიდის და საზღვარგარეთ იწყებს სწავლას, ანუ ოჯახები რამდენს აფინანსებენ. ჩემს ირგვლივ, მაგალითად, უამრავი სტუდენტი იყო, ვინც აქაც ჩააბარა გამოცდები და საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად. ჩარიცხულების რეალური რაოდენობა ცოტათი კიდევ შემცირდება იმის ხარჯზე, რომ რეალურად ბევრი საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად. ეს ალბათ არ იქნება დრამატულად დიდი ციფრი, მაგრამ შეიძლება 1 000-მდე ადგილი კიდევ მოაკლდეს. მათ თავი დაიზღვიეს, აქაც ჩააბარეს და საზღვარგარეთაც დაიწყეს სწავლა. მიდიან საზღვარგარეთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ უკეთესი განათლების ხარისხი მიიღონ, არამედ ზოგადად, ლეგალური ემიგრაციის ერთ-ერთი საფუძველია და ეს ძალიან სერიოზული ფაქტორი იქნება მერე ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის", - ამბობს ექსპერტი.
2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. საბაკალავრო საფეხურზე 29 481 აბიტურიენტი ისწავლის. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 619 აბიტურიენტი.
BM.GE
წყარო: bm.ge