
რამდენ მილიონად არის შეფასებული სასტუმრო "ბილტმორი", რომელიც სომეხმა ბიზნესმენმა, კარენ საფარიანმა შეისყიდა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმრო „ბილტმორის“ საბალანსო ღირებულება დაახლოებით 211.5 მილიონი ლარია - ამის შესახებ ასახულია სასტუმროს მფლობელი შპს „დაბი გრუპ ჯორჯიას“ 2024 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში.
„ბილტმორის“ შესაძლო გაყიდვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „TV პირველმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, სასტუმროსა და „ტერაბანკის“ შეძენით სომეხი ბიზნესმენის, კარენ საფარიანის ბიზნესჯგუფი - Arins Group-ი და მის დაქვემდებარებაში არსებული Ardshinbank-ი არის დაინტერესებული. ეროვნულ ბანკში BMG-ის აღნიშნული დაუდასტურეს, თუმცა განცხადეს, რომ ოფიციალური წინადადება ბანკის ნასყიდობის შესახებ ჯერ შესული არაა.
ორივე აქტივი ამჟამად არაბთა გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახის წევრის, შეიხ ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანის საკუთრებაშია.
„ბილტმორის“ მფლობელი შპს „დაბი გრუპ ჯორჯია“ რუსთაველის გამზირის №29-ში მდებარე 9,121 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ იმელის ისტორიულ შენობას და 2016 წელს აშენებულ 36-სართულიან 138 მეტრის სიმაღლის კოშკს ფლობს.
„ბილტმორი თბილისი“ 216 ნომერს, რესტორნებს, ღონისძიებებისა და შეხვედრების სივრცეებსა და სპა/გამაჯანსაღებელ ცენტრს მოიცავს.
2024 წელს კომპანიის სასტუმროს საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა, მათ შორის ნომრების გაქირავებიდან, საკვებისა და სასმლისა და სხვა სასტუმრო მომსახურებიდან, დაახლოებით 29.4 მილიონი ლარი შეადგინა.
კერძოდ, ნომრების გაქირავებიდან შემოსავალი 21.55 მილიონი ლარი იყო, საკვებისა და სასმლის მიმართულებიდან — 6.03 მილიონი ლარი, სხვა სასტუმრო მომსახურებიდან კი — 1.84 მილიონი ლარი.
კომპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო საინვესტიციო ქონების გაქირავებაა. 2024 წელს ამ მიმართულებით მიღებულმა შემოსავალმა 6.04 მილიონი ლარი შეადგინა. საიჯარო შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი კომპლექსში მოქმედი კაზინოსთვის ფართის გაქირავებას უკავშირდება.
საერთო ჯამში, „დაბი გრუპ ჯორჯიას“ 2024 წლის შემოსავალი 35.46 მილიონი ლარი იყო.
კომპანიამ წელი საოპერაციო მოგებით დაასრულა — 9.95 მილიონი ლარის ოდენობით. თუმცა მაღალი ფინანსური ხარჯების გამო მისი საბოლოო შედეგი უარყოფითი იყო. 2024 წელს „დაბი გრუპ ჯორჯიამ“ 9.86 მილიონი ლარის წმინდა ზარალი მიიღო.
257 მილიონი ლარის ვალდებულება
„ბილტმორის“ მფლობელი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შიდაჯგუფურ დავალიანებას.
2024 წლის ბოლოს „დაბი გრუპ ჯორჯიას“ მთლიანმა ვალდებულებებმა 272.1 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 257.2 მილიონი ლარი დაკავშირებული კომპანიის, შპს „დაბი კონტრაქტინგისგან“ მიღებული გრძელვადიანი სესხია.
სესხი აშშ დოლარშია დენომინირებული, წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.5%-ია, ხოლო მისი დაფარვის ვადა 2035 წლამდეა. ვალდებულება უზრუნველყოფილია რუსთაველის გამზირის №29-ში მდებარე მიწითა და შენობა-ნაგებობებით.
2024 წელს კომპანიამ სესხზე 11.97 მილიონი ლარის საპროცენტო ხარჯი გაიღო. ამასთან, აშშ დოლარის კურსის ცვლილებამ 7.84 მილიონი ლარის წმინდა საკურსო ზარალი გამოიწვია.
BM.GE
წყარო: bm.ge