
"არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რომ გლეხს ერთი კილო ყურძენი 30 თეთრად ჩააბარებინო" - მევენახე
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მეორე დღეა მევენახეები ყურძნის ჩაბარების პირობებს და შაქრიანობის მიხედვით განსაზღვრული ტარიფებს აპროტესტებენ. ადგილობრივებმა გზის გადაკეტვაც სცადეს და არსებული რეგულაციის გადახედვა მოითხოვეს. საქმე ის არის, რომ სახელმწიფოს განცხადებული პოლიტიკით, 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენი ქარხნები დაბალ ფასად ჩაიბარებენ, ახალსოფელში გამოსული მევენახეები კი აცხადებენ, რომ ქარხნები მათ 1 კგ ყურძენში 30 თეთრს უხდიან.
BM.GE-სთან საუბრისას მევენახე აკაკი ნატროშვილი აცხადებს, რომ დადგენილი ტარიფი ყურძნის წარმოების რეალურ ხარჯებს ვერ ფარავს. ის ამბობს, რომ მისთვის მთავარი საკითხი ყურძნის წარმოებაზე გაწეული ხარჯებისა და დადგენილი შესყიდვის ფასის შეუსაბამობაა. დადგენილი ტარიფები კი, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.
"ეს არანაირ ლოგიკაში და რეალობაში არ ჯდება, რომ გლეხს ერთი კილო ყურძენი 30 თეთრად ჩააბარებინო. სახელმწიფო იქნება თუ ფიზიკური პირი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის არის, რეალურად რა ჯდება ერთი კილო ყურძნის მოყვანა. მუშახელის ხარჯს რომ გავითვალისწინებთ, დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე, პლუს შხამქიმიკატები და ვენახის მოვლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, მინიმუმ 70-80 თეთრი ადგილზე ჯდება ერთი კილო ყურძნის მოყვანა. ესეც ყველაზე ნაკლები გათვლაა. ერთი წელიწადი რომ ვენახს მოუარო, ყველა საჭირო სამუშაო შეასრულო და შემდეგ ყურძენი დაკრიფო, თვითღირებულება მინიმუმ ამ ფარგლებშია. ამიტომ 30 თეთრი არანაირად რეალური არ არის", - აცხადებს აკაკი ნატროშვილი.
მისი ინფორმაციით, ქარხნებთან ყურძნის ჩაბარების გამოცდილება არ აქვს და მამაპაპეული ვენახებიდან მიღებულ მოსავალს ძირითადად მოსახლეობასა და ბაზარზე ყიდის.
„მე თვითონ მამაპაპეული ვენახები მაქვს და ჩემი ვენახებიდან მიღებულ ყურძენს ყოველთვის მოსახლეობაზე და ბაზრებზე ვყიდი. ქარხნებთან შეხება არასდროს მქონია და, სიმართლე გითხრათ, არც სურვილი მაქვს, რომ მქონდეს. ისინი შესაბამის ფასებს არ იხდიან ისე, რომ ჩემთვის მისაღები იყოს“, - ამბობს მევენახე.
BM.GE
წყარო: bm.ge