
„არარეზიდენტების საშუალო ჩეკი 50%-ით მაღალია“- რა მაჩვენებლებით დახურა ზაფხული რითეილ სექტორმა?
საქართველოს რითეილ სექტორში ორნიშნა ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. სექტორის წარმომადგენლების თქმით, ზაფხულის სეზონი ინდუსტრიისთვის წარმატებული გამოდგა, ისევე როგორც გასული შემოდგომა-ზამთრის პერიოდი.
„სინომი რითეილის“ მონაცემებით, კომპანიის ქსელში ტრანზაქციების 26% არარეზიდენტებზე მოდის. ამასთან, არარეზიდენტების ბრუნვის ზრდის ტემპი რეზიდენტებისას ორჯერ აღემატება: შარშანდელთან შედარებით არარეზიდენტების ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, ხოლო რეზიდენტების 20%-ით.
"ზოგადად, ბოლო წლებია ორნიშნა ზრდას აჩვენებს რითეილ სექტორი და ეს ზრდის დინამიკა არ შენელებულა, ასე რომ ზაფხულიც არ იყო გამონაკლისი.
რაც შეეხება განაწილებას რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, ჩვენს ქსელში 26% მოდის არარეზიდენტების ტრანზაქციებზე. თუმცა ზრდის მაჩვენებელი არარეზიდენტებში ორჯერ უფრო მაღალია. მაგალითად, შარშანდელთან შედარებით მათი ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, როცა რეზიდენტების ბრუნვა დაახლოებით 20%-ით, ამიტომ ტურისტების და ზოგადად არარეზიდენტების წილი რითეილში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
საშუალო ჩეკს ვეძახით ისიც დაახლოებით 50%-ით უფრო მაღალია რეზიდენტების საშუალო ჩეკთან შედარებით', - აღნიშნა მაღალაშვილმა.
„საქმიანი დილის“ ეთერში მან ასევე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გავლენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლება 25%-ია.
„ჩვენ „მერანში“ გვაქვს სამი მაღაზია რომლებიც ძალიან დიდი წნეხის ქვეშ მოექცნენ.
თუ რეაბილიტაციამდე 20%-ით ვაჭარბებდით შარშანდელ მაჩვენებლებს, ახლა დაახლოებით 25%-ით ჩამოვრჩებით. ანუ დაახლოებით 45%-იანი ცვლილება გვაქვს დინამიკაში და ვვარაუდობთ, რომ გაუარესდება, ვინაიდან სამუშაოები უფრო ეპიცენტრში რომ შევა, სავარაუდოდ კიდევ უფრო დაიკლებს. ამიტომ ცალსახად რთული მდგომარეობაა. ლოგისტიკაც ძალიან რთულია.
რუსთაველის გამზირის მთავარი პლუსი ყოველთვის იყო ტურისტული ნაკადი. მათი ქცევა როგორ შეიცვლება, გადაინაცვლებენ თუ არა სხვაგან, ან თავს შეიკავებენ ხარჯვისგან, ამას დრო გვიჩვენებს,“ - უთხრა BMG-ის რეზო მაღალაშვილმა.
ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები 19%-ით გაიზარდა. „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, ივლისში თიბისი ბანკის გავლით, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 19%-ით იყო გაზრდილი. საშუალო დანახარჯის მოცულობა კი, ერთ ტრანზაქციაზე 102 ლარი შეადგენდა.
ხარჯების 76% რეზიდენტებზე, 24%-ი კი უცხოელებზე მოდიოდა. „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, ივლისში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე წლიურად 19%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 89 ლარს გაუტოლდა.
ამავე პერიოდში არარეზიდენტების მიერ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 20 %-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 182 ლარს გაუტოლდა.
BM.GE
წყარო: bm.ge