
თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება - ადვოკატი
ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მისივე თქმით, საქმეში შვიდი დაზარალებულია და ყველა მათგანი მამაკაცია.
“ბრალი წარუდგინეს 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მუქარას. ბატონი თამაზი არ ეთანხმება ბრალს. მისი ვერსია აბსოლუტურად განსხვავებულია. საქმის მასალები ახლა გადმომეცა, უნდა გავეცნო. თავს უდანაშაულოდ ცნობს. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ე.წ. კონფლიქტი და დაძაბულობა გამოიწვია თამაზ ელიზბარაშვილის წარსულში სოციალურ ქსელში აქტივობამ. დადგენილებაში არ წერია, რომ მათ წარსულში პირადი კონფლიქტი ჰქონდათ”, - განაცხადა ადვოკატმა.
ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, თამაზ ელიზბარაშვილს იარაღთან დაკავშირებით ბრალი არ აქვს წარდგენილი: "იარაღთან დაკავშირებით ბრალი არ აქვს წარდგენილი. ერთადერთი იარაღი, რომელიც თამაზ ელიზბარაშვილის საცხოვრებელ სახლშია ამოღებული, კანონიერად არის რეგისტრირებული. განჩინებაში წერია, რომ ჰქონდა იარაღი, თავად უარყოფს. ამბობს, რომ იარაღი თან არ ჰქონია”, - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. სამინისტროში განაცხადეს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge