მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. არმატურის ბაზარი მოსაკრებლის ფონზე - როგორ შეიცვალა იმპორტისა და ადგილობრივი წარმოების დინამიკა
არმატურის ბაზარი მოსაკრებლის ფონზე - როგორ შეიცვალა იმპორტისა და ადგილობრივი წარმოების დინამიკა

არმატურის ბაზარი მოსაკრებლის ფონზე - როგორ შეიცვალა იმპორტისა და ადგილობრივი წარმოების დინამიკა

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 03:17|bm.ge

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით,არმატურის იმპორტზე ( სეს ესნ-ის 7214 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული არმატურის) 2025 წლის 1 იანვრიდან დაწესებული მოსაკრებლის მოქმედების ვადა 2027 წლის მარტამდე გახანგრძლივდა.

მოსაკრებლის დაწესების მიზანი ადგილობრივი წარმოების დაცვა და იმპორტისგან გამოწვეული კონკურენტული წნეხის შემცირება იყო. მოსაკრებლის ოდენობა ტონაზე 420 ლარით განისაზღვრა.

ადგილობრივი წარმოების წილი 74.7%-დან 43.5%-მდე შემცირდა

2021 წელს საქართველოში 333 ათასი ტონა არმატურა იწარმოებოდა, ხოლო მთლიანმა მოხმარებამ 446 ათასი ტონა შეადგინა. შესაბამისად, ადგილობრივი წარმოების წილი ბაზარზე 74.7% იყო.

2024 წლისთვის ადგილობრივი წარმოება 294 ათას ტონამდე შემცირდა, მაშინ როდესაც მთლიანმა მოხმარებამ 675 ათას ტონას მიაღწია. შედეგად, ადგილობრივი მწარმოებლების წილი 43.5%-მდე ჩამოვიდა.

ამრიგად, ოთხწლიან პერიოდში ადგილობრივი წარმოების წილი 31.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, თავად წარმოების მოცულობა კი 39 ათასი ტონით, ანუ 11.7%-ით დაიკლო.

ცხრილი 1: არმატურის ადგილობრივი წარმოება, მოხმარება და ადგილობრივი წარმოების წილი მთლიან მოხმარებაში

წყარო: შემოსავლების სამსახური

2025-2026 წლების წარმოებისა და მოხმარების სრული მონაცემები კვლევის მომზადებისას საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იყო, რის გამოც მოსაკრებლის შემოღების შემდეგ ადგილობრივი წარმოების ბაზრის წილის ზუსტი ცვლილების შეფასება ამ მონაცემებით ჯერ ვერ ხერხდება.

„ბიემჯი“ ბიზნესთან შეეცადა ადგილობრივი ბაზრის მონაცემების მოპოვებას, თუმცა ამ ეტაპისთვის ჩვენი კომუნიკაცია არ შედგა.

არმატურის იმპორტი 2021-2024 წლებში 3.5-ჯერ გაიზარდა

ადგილობრივი წარმოების შემცირების პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა არმატურის იმპორტი.

2021 წელს არმატურის იმპორტი 106 283 ტონა იყო, რომლის ღირებულებამ 74.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წლისთვის იმპორტის მოცულობამ 374 000 ტონას, ხოლო ღირებულებამ 212.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. შესაბამისად, 2021-2024 წლებში იმპორტის მოცულობა დაახლოებით 3.5-ჯერ - 252% -ით გაიზარდა. ღირებულება - 2.9-ჯერ, რამაც 186%-იანი ზრდა შეადგინა.

გრაფიკი 1: არმატურის იმპორტი

წყარო: საქსტატი

რუსეთიდან და ირანიდან - თურქეთისკენ

იმპორტის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად შეიცვალა მისი გეოგრაფიული სტრუქტურაც.

2021 წელს მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო, თუმცა მომდევნო წლებში რუსეთის წილი სწრაფად გაიზარდა. 2024 წლისთვის რუსეთზე არმატურის მთლიანი იმპორტის 53.4% მოდიოდა რაოდენობრივად და დაახლოებით 54% - ღირებულებით. ირანთან ერთად ამ ორ ქვეყანაზე იმპორტის დაახლოებით 93% მოდიოდა.

ცხრილი 2: ქვეყნების წილი არმატურის იმპორტის მოცულობასა და ღირებულებაში (%)

მოსაკრებლის ამოქმედების შემდეგ სურათი მკვეთრად შეიცვალა. 2025 წელს თურქეთის წილი რაოდენობრივად 2024 წლის 0.7%-დან 69%-მდე გაიზარდა, ანალოგიური ცვლილება დაფიქსირდა ღირებულებითაც - თურქეთის წილი 2024 წლის დაახლოებით 0.9%-დან 2025 წელს 71.5%-მდე გაიზარდა.

ამრიგად, მოსაკრებლის მოქმედების პერიოდში იმპორტის ძირითადმა წყარომ რუსეთიდან და ირანიდან თურქეთისკენ გადაინაცვლა.

როგორ შეიცვალა იმპორტის ფასი

ქვეყნების მიხედვით ერთი ტონა არმატურის საშუალო საიმპორტო ღირებულებაც განსხვავდებოდა. 2021-2022 წლებში ოთხივე ძირითადი მომწოდებლიდან ფასი ძირითადად 600-770 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, მომდევნო წლებში კი შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა.

2024 წელს, მოსაკრებლის შემოღებამდე, ყველაზე დაბალი საშუალო ღირებულება ირანიდან იმპორტს ჰქონდა - 548 დოლარი/ტონა, რუსეთიდან იმპორტის ფასი 573 დოლარი იყო, აზერბაიჯანიდან - 627 დოლარი, ხოლო თურქეთიდან - 699 დოლარი.

2025 წელს თურქეთი მთავარი მომწოდებელი გახდა და ერთი ტონის საშუალო საიმპორტო ღირებულებამ 587 დოლარი შეადგინა.

ცხრილი 3: საქართველოში შემოტანილი არმატურის საშუალო ფასი (აშშ დოლარი/ ტონა)

წყარო: საქსტატი

დემპინგზე მოკვლევა და ანტიდემპინგური ღონისძიებების საკითხი

2024 წელს მწარმოებელთა ასოციაციამ ირანიდან და რუსეთიდან არმატურის შესაძლო დემპინგურ იმპორტზე (დემპინგური იმპორტი არის, როდესაც უცხოური საქონელი სხვა ქვეყანაში შემოდის იმ ფასზე ნაკლებად, რა ფასიც აქვს მწარმოებელ ქვეყნის შიდა ბაზარზე) მიუთითა. საკითხის შესწავლა კონკურენციის სააგენტომ 2024 წლის ივნისში დაიწყო.

სააგენტოს საბოლოო დასკვნის წარსადგენად ერთწლიანი ვადა ჰქონდათ. 2025 წლის მაისში გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, შესასწავლ პერიოდში, სამიზნე ქვეყნებიდან (ირანი, რუსეთი) იმპორტირებული პროდუქტის უარყოფითი გავლენა შესუსტებული და იმპორტი მკვეთრად შემცირებული იყო, ასევე გაზრდილი იყო იმპორტის ფასი, რამაც ადგილობრივ ინდუსტრიის ფასზე ზეწოლა შეამცირა. საბოლოოდ, სააგენტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სპეციალური ანტიდემპინგური ღონისძიებების დაწესება.

ვინ არიან ადგილობრივი ბაზრის ძირითადი მოთამაშეები

ადგილობრივი წარმოების ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა „ჯეოსთილი“. კომპანიის 2025 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მისი შემოსავალი 322.7 მლნ ლარი იყო, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 22%-ით მეტია. საოპერაციო მოგებამ 60.9 მლნ ლარი შეადგინა, წმინდა მოგებამ კი - 43.4 მლნ ლარი.

მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა „რუსთავის ფოლადის“ არმატურის ბიზნესშიც. კომპანიამ 2025 წლის დეკემბერში არმატურის საწარმოო ხაზის სამართავად „იბერია რიბარი“ დააფუძნა და საწარმოო ხაზი ახალ კომპანიას გადასცა. 2026 წლის 30 ივლისს „იბერია რიბარის“ მფლობელი კომპანია „პიემ მეტალი“ გახდა. „რუსთავის ფოლადის“ 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, იმ პერიოდში კომპანიის ძირითადი საქმიანობა საქართველოში არმატურის იმპორტი და რეალიზაცია იყო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა „ჯორჯიან მეტალი“, რომლის ზესტაფონის არმატურის ქარხანაც 2025 წლის სექტემბერში ოფიციალურად გაიხსნა. საწარმოს დაგეგმილი წლიური წარმადობა 400 ათასი ტონა იყო.

თუმცა, 2026 წლის აგვისტოში ქარხანას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და შეზღუდულად ფუნქციონირებდა. მოგვიანებით, საგადასახადო დავალიანების გამო, კომპანიას შემოსავლების სამსახურმა გირავნობა დაადო, ხოლო აქტივებს სასამართლოსა და აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებით ყადაღა დაედო.

რა შეიცვალა მოსაკრებლის ამოქმედების შემდეგ?

ხელმისაწვდომი მონაცემებით, მოსაკრებლის შემოღებამდე ადგილობრივი წარმოების პოზიციები უკვე მნიშვნელოვნად იყო შესუსტებული: 2021-2024 წლებში მისი წილი მთლიან მოხმარებაში 74.7%-დან 43.5%-მდე შემცირდა, იმპორტის მოცულობა კი დაახლოებით 3.5-ჯერ გაიზარდა.

მოსაკრებლის ამოქმედების შემდეგ ყველაზე მკაფიო ცვლილება იმპორტის გეოგრაფიაში მოხდა — რუსეთისა და ირანის წილი მკვეთრად შემცირდა და მთავარი მომწოდებელი თურქეთი გახდა.

თუმცა 2025-2026 წლების ადგილობრივი წარმოებისა და მოხმარების სრული მონაცემების გარეშე ჯერ შეუძლებელია შეფასდეს, რამდენად შეძლო მოსაკრებელმა თავისი მთავარი მიზნის — ადგილობრივი წარმოების დაცვის — მიღწევა.

ამასთან, იმპორტის თურქეთისკენ გადანაცვლება აჩვენებს, რომ ბაზარზე კონკურენციას მხოლოდ სპეციალური მოსაკრებელი არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვან ფაქტორებად რჩება პროდუქციის ფასი, ადგილობრივი წარმოების მასშტაბი, ლოგისტიკური ხარჯები და სავაჭრო პირობები.

შესაბამისად, მოსაკრებლის ეფექტიანობის საბოლოო შეფასებისთვის გადამწყვეტი იქნება 2025-2026 წლების ადგილობრივი წარმოების, მოხმარებისა და ბაზრის წილის სრული მონაცემები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ჩინეთმა ტურისტების დანაკლისი დააბალანსა, თუმცა ყველაზე მეტს ევროპელები ხარჯავენ" - KA Group

"ჩინეთმა ტურისტების დანაკლისი დააბალანსა, თუმცა ყველაზე მეტს ევროპელები ხარჯავენ" - KA Group

BM.GE

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთმა დიზელის სექტორზე კონტროლი დაკარგა

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთმა დიზელის სექტორზე კონტროლი დაკარგა

BM.GE

აშშ გრენლანდიაში ორ სამხედრო ბაზას ხსნის - შეთანხმება კოპენჰაგენთან და ნუუკთან უკვე გაფორმდა

აშშ გრენლანდიაში ორ სამხედრო ბაზას ხსნის - შეთანხმება კოპენჰაგენთან და ნუუკთან უკვე გაფორმდა

BM.GE

21-ე სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების და მშობლების სამი მოთხოვნა

21-ე სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების და მშობლების სამი მოთხოვნა

BM.GE