
"ასეთი თემები უფრო "გულს ფხანს" საზოგადოებას"|ვის სჭირდებოდა უცხოელების დასაქმების გამკაცრება?
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელის მიხეილ ჭელიძის შეფასებით, მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან, ქვეყანაში უცხოელების დასაქმების გამკაცრების რეგულაციის შემოღება უფრო პოპულისტური ხასიათისაა და საზოგადოებრივი განწყობების დაკმაყოფილებას ემსახურება, ვიდრე ბიზნესის საჭიროებების მოგვარებას. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ინტერვიუს ერთ-ერთი თემა საქართველოში კერძო სექტორის გამოწვევები იყო.
როგორც ცნობილია, სამუშაო ძალისა და კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა დღეს ყველა ზომის ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, თუმცა ამ ფონზე, მთავრობამ ქვეყანაში უცხოელების დასაქმება შეზღუდა. ზოგიერთ სფეროში კი, მაგალითად მგზავრობის და მიტანის სერვისში, ასევე გიდებად უცხოელებს მუშაობა საერთოდ აეკრძალათ.
მიხეილ ჭელიძე ამბობს, რომ ცვლილებამ პრაქტიკაში უფრო ბიუროკრატია გაზარდა და შრომის ბაზარზე არსებითი დადებითი ეფექტი არ მოუტანია, თუმცა ბიზნესიც და უცხოელი მუშახელიც ახალ რეალობასთან ადაპტირებას მაინც ახერხებენ.
- თქვენი შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც ყველა ზომის კომპანიისთვის ბიზნესის ხელის შემშლელი მთავარი ფაქტორი სპეციალისტების და ზოგადად, სამუშაო ძალის ნაკლებობაა, რამდენად ლოგიკური იყო ქვეყანაში უცხოელების დასაქმების წესის გამკაცრება? ხედავთ ლოგიკას?
- ზოგადად, ეს უფრო ცივილურობის, ევროკავშირთან ასოცირების ნაწილია - ბევრი ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ მიგრაცია და დასაქმება დარეგულირებული იყოს. რა თქმა უნდა, შეიზღუდა ისეთ ბიზნესებში, სადაც ენობრივი ბარიერი არსებობს, მაგალითად, კურიერების შემთხვევაში... თავად ბიზნესმაც დაუჭირა მხარი, რადგან მოსახლეობას არ უნდა, მომსახურებისას ენობრივი ბარიერი იყოს.
- ეს იყო მიზეზი თუ ის, რომ „უცხოელები ქართველებს ართმევენ სამუშაო ადგილებსო“? ბიზნესი ამბობს, კადრებს ვერ ვპოულობთო - ცოტა შორს ხომ არ არიან ბიზნესი და მთავრობა ერთმანეთის საჭიროებებისგან?