
ასეთი უხეირო და მისამშაბათებული რეფორმა არ მინახავს არასდროს, საბჭოთა პერიოდშიც კი|ინტერვიუ ილიაუნის რექტორთან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ნინო დობორჯგინიძეს სჯერა, რომ ილიაუნი დაიბრუნებს იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელიც უმაღლესი განათლების რეფორმის სახელით გაუუქმეს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ რეფორმის შედეგად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების რაოდენობა და საგანმანათლებლო პროგრამები, დაახლოებით, 80-93%-ით შეუმცირდა.
როგორც ცნობილია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლებისთვის საბაკალავრო პროგრამებზე ჯამში მხოლოდ 300 სტუდენტს მიიღებს, ხოლო სამაგისტრო პროგრამებზე - 60 სტუდენტს მიიღებს. ცნობისთვის: გასულ წელს ილიაუნის კვოტა 4207 იყო.
“ცხადია, ძველ სტუდენტებს საგანმანათლებლო პროგრამებს ვუგრძელებთ, მაგრამ მტკიცედ გვჯერა, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ ამ პროგრამებს, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ილიას უნივერსიტეტის მომავალი, ეს არის ამ ქვეყნის მომავალი, საერთოდ ჩვენი კეთილდღეობის მომავალია”, - თქვა ნინო დობორჯგინიძემ “წერტილში”.
ილიას უნივერსიტეტის რექტორს მიაჩნია, რომ განათლების რეფორმით განათლების სამინისტრომ მთელი საგანმანათლებლო სისტემა ჩამოშალა.
“სიმართლე გითხრათ, პატარაც არა ვარ და ასეთი დაუგეგმავი და უხეირო, ისეთი მისამშაბათებული რეფორმა არ მინახავს არასდროს, მათ შორის საბჭოთა პერიოდშიც კი”, - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.
ნინო დობოჯგინიძე რეფორმის მექანიკურ ხასიათზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ილიაუნიში არსებულ უნიკალურ სამეცნიერო კერებზე, რომელთა სხვა სივრცეში ხელოვნურად გადატანა, მისი შეფასებით, შეუძლებელია. ამის მაგალითად რექტორმა ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ბაზაზე შექმნილი გლაციოლოგიის კვლევითი ცენტრი მოიყვანა. [ცნობისთვის: გლაციოლოგიის ცენტრი სწავლობს მყინვარებს, კრიოსფეროსა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პროცესებს]