
აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტმა $2 ტრილიონს მიაღწია
აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, გასულ ფისკალურ წელს ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა $2 ტრილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად სახელმწიფო ვალის საპროცენტო გადასახადებისა და ტარიფების დაბრუნების ხარჯების მკვეთრმა მატებამ განაპირობა და ეს ახალი ანტირეკორდია.
დოკუმენტის თანახმად, 30 სექტემბერს დასრულებულ ფისკალურ წელში სხვაობამ მთავრობის შემოსავლებსა და დანახარჯებს შორის სხვაობა $218 მილიარდით, ანუ 12%-ით გაიზარდა.
სახელმწიფო ვალის საპროცენტო გადასახადებმა, განაკვეთების ზრდისა და რეკორდული ვალის ფონზე, ისტორიაში პირველად გადააჭარბა $1 ტრილიონს. შედეგად, საპროცენტო ხარჯებმა ყველა სექტორულ დანახარჯს გადაასწრო, გარდა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისა. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის ბიუჯეტი ახლა $40-ტრილიონიანი ვალის პროცენტის მომსახურებაზე უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე თავდაცვაზე, საგარეო საკითხებზე და ეროვნულ უსაფრთხოებაზე.
დეფიციტის გაფართოების კიდევ ერთი მიზეზი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული გლობალური ტარიფების ნაწილი უკანონოდ ცნო. ბიუჯეტის კომიტეტის შეფასებით, გასულ ფისკალურ წელს მთავრობას $130 მილიარდამდე ტარიფის უკან დაბრუნება მოუწია.
ამასთან, კორპორაციული საგადასახადო შემოსავლები 16%-ით, $382 მილიარდამდე შემცირდა. ეს კლება გასულ წელს მიღებული საგადასახადო რეფორმით არის განპირობებული, რაც კომპანიებს კვლევისა და განვითარების ხარჯებისა და ახალი საწარმოო ობიექტების ინვესტიციების საგადასახადო ბაზიდან გამოქვითვის უფლებას აძლევს.
BM.GE
წყარო: bm.ge