
აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის საბოლოო მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა წლიურ ჭრილში 2.1%-ით გაიზარდა.
ეკონომიკური ზრდის ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვან პროგრესზე მიუთითებს, რადგან ის 0.5 პროცენტული პუნქტით აღემატება აქამდე პროგნოზირებულ მაჩვენებელს და უოლ-სტრიტის მოლოდინზე გაცილებით უკეთესი შედეგია.
როგორც ირკვევა, კერძო სექტორში საინვესტიციო აქტივობამ, საცხოვრებელი უძრავი ქონების გამოკლებით, 10.6%-ით იმატა, რაც 2025 წლის მეოთხე კვარტალში მხოლოდ 2.4% იყო.
ზოგადად, პირველ კვარტალში ზრდის ძირითად მამოძრავებელ ფაქტორად ხელოვნური ინტელექტის ბუმი მიიჩნევა, რადგან ამ მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 39.9%-ით გაიზარდა.
პარალელურად, ფედერალური მთავრობის ხარჯები პირველ კვარტალში 9.4%-ით გაიზარდა, თუმცა მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციები 7.8%-ით შემცირდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამომხმარებლო ხარჯები, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკური აქტივობის თითქმის 70%-ს შეადგენს, მკვეთრად შემცირდა. ანალიტიკოსები ამ ტენდენციას ირანთან მიმდინარე ომით გამოწვეულ საწვავის გაძვირებას უკავშირებენ, რაც ამერიკელი მომხმარებლების მსყიდველუნარიანობაზე უარყოფითად აისახება. მიუხედავად ენერგეტიკული შოკისა, ქვეყნის შრომის ბაზარი მყარ პოზიციებს ინარჩუნებს და წლის ბოლოსთვის პროგნოზებიც პოზიტიურია.
