
პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ცხოველის საკვების წარმოებისთვის ცოცხალი GMO ორგანიზმების იმპორტი დაიშვა
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით, „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
ცვლილებების თანახმად, არსებული აკრძალვის პირობებში წესდება გამონაკლისი და დასაშვები ხდება საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის საკვების წარმოების მიზნით, გადამუშავებისთვის განკუთვნილი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი.
კანონპროექტით დგინდება აღნიშნული საქმიანობის განხორციელების სპეციალური სალიცენზიო რეჟიმი. ლიცენზიის ღირებულება 20 000 ლარი იქნება და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს.
ლიცენზია გაიცემა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულ ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე, რომლებიც რეგისტრირებულია ევროკავშირის გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველთა საკვების რეესტრში. ამასთან, კვლავ დაუშვებელი იქნება ცოცხალი გენმოდიფიცირებული სიმინდის, ხორბლისა და ვაზის იმპორტი. კანონის მიღების შემდეგ კი გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შექმნა ევალება, რომელშიც ამ კანონით ნებადართული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება.
ცვლილებებით განისაზღვრება ლიცენზიის მიღების პროცედურა, სალიცენზიო პირობები, საქმიანობის განმახორციელებლის ვალდებულებები, მათ შორის, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში მოხვედრისა და სხვა პროდუქტებთან შერევის პრევენციის, მიკვლევადობის უზრუნველყოფის, ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავების კონტროლის წესები.
გარდა ამისა, ფართოვდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში ასახული ინფორმაციის ფარგლები და ზუსტდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებები იმპორტის კონტროლისა და ზედამხედველობის პროცესში.
კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები. კანონის პროექტის მიხედვით ცვლილებები შედის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში და გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავებისთვის წესდება სალიცენზიო მოსაკრებელი 20 000 ლარის ოდენობით. „შესაბამისად ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ აღნიშნული საქმიანობის ლიცენზიას, მოსაკრებლის სახით გადაიხდიან შესაბამის თანხას. გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე სრულად დამოკიდებული იქნება იმ სუბიექტების ოდენობაზე, რომლებიც განახორციელებენ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტსა და გადამუშავებას“ - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ამ კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლითაც სამართალდარღვევად განისაზღვრება საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის პირობების დარღვევა და საქმიანობის ლიცენზიის გარეშე განხორციელება. რაც ასევე გაზრდის ბიუჯეტის შემოსულობებს, თუმცა ზრდა დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობასა და დაკისრებული ჯარიმის ოდენობაზე.
„საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით. საქმიანობის განხორციელება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე დაჯარიმდება 25 000 ლარით, ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებისა და ყველა შემდეგ ჯერზე ჩადენის შემთხვევაში კი პირი დაჯარიმდება 50 000 ლარით“, - აღნიშნულია კანონპროექტში.
კანონის ძირითადი ცვლილებები 2027 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, რადგან პირველი მუხლით გათვალისწინებული წესების ამოქმედება საქართველოს მთავრობის მიერ ცხოველის საკვების წარმოების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისა და გადამუშავებისთვის დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობათა შესახებ დადგენილების მიღებასთან არის დაკავშირებული, რომელიც მთავრობამ 2027 წლის პირველ იანვრამდე უნდა მიიღოს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი 2027 წლის პირველ იანვრამდე უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის ფორმა.
BM.GE
წყარო: bm.ge