
თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ეკონომიკური დასაბუთების და ხარჯების დათვლისთვის ADB-მა ტენდერი გამოაცხადა
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი თბილისი-რუსთავის და თბილისი-მცხეთის, ასევე თბილისი-აეროპორტის მიწისზედა საქალაქო მატარებლის (City Train) სისტემის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების მიზნით საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის შერჩევისთვის. პროექტი ხორციელდება „ცხოვრებისთვის ხელსაყრელი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ (LCIP) პროექტის დაფინანსების ფარგლებში.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 393 ათასი დოლარია. აქედან 333 ათასი დოლარი კონსულტანტების ანაზღაურებასა და პროექტთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებზეა გათვალისწინებული, ხოლო დამატებით 60 ათასი დოლარი რეზერვის (Provisional Sum) სახით არის გამოყოფილი.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კონსულტანტმა უნდა შეაფასოს თბილისისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი სარკინიგზო სისტემის ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური მიზანშეწონილობა. პროექტის კონცეფცია ეფუძნება თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას და ითვალისწინებს დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, მარნეულთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და თბილისის აღმოსავლეთ რაიონებთან საქართველოს რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
კვლევის ფარგლებში უნდა განისაზღვროს სარკინიგზო დერეფნების განვითარების ოპტიმალური ვარიანტები რუსთავის, მცხეთის, მარნეულის, ლილოს აღმოსავლეთ ნაწილისა და ფონიჭალის მიმართულებებით. ძირითადი აქცენტი არსებული სარკინიგზო ქსელის გამოყენებაზე გაკეთდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ახალი მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობაც განიხილონ.
ტენდერის პირობებით, კონსულტანტმა უნდა მოამზადოს მგზავრთნაკადების პროგნოზი 10-, 20- და 30-წლიანი პერიოდისთვის, შეაფასოს ავტომობილებიდან სარკინიგზო ტრანსპორტზე გადასვლის პოტენციალი, განსაზღვროს სადგურების ლოკაციები, მოძრავი შემადგენლობის მოთხოვნები, დეპოების განთავსება და სატარიფო პოლიტიკის სხვადასხვა მოდელი.