
აშშ-ის მიერ ძებნილი პირი, რომელიც სირიაში ტერორისტებს აფინანსებდა, თბილისის აეროპორტში დააკავეს - შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებული ამერიკის შეერთებული შტატებისა და უზბეკეთის რესპუბლიკის ორმაგი მოქალაქეა, რომელსაც ბრალად უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით შეთქმულება, მხარდაჭერის აღმოჩენა და ამის მცდელობა ედება.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთ-ერთი ქვეყნიდან საქართველოში ჩამოფრენისთანავე დააკავეს.
ამერიკელი სამართალდამცავების ინფორმაციით:
• ძებნილმა პირმა აშშ-ში ჩამოაყალიბა დაჯგუფება და შექმნა ფინანსური დახმარების ქსელი, რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობდა; • აღნიშნული ჯგუფი აქტიურ მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას უწევდა სირიაში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ შორის „ისლამურ სახელმწიფოს“ (ISIS); • დაკავებული სხვადასხვა პირს სირიაში საბრძოლველად გამგზავრებისკენ მოუწოდებდა და მათ პრაქტიკულ დახმარებას სთავაზობდა.
შსს-ს ცნობით, დაკავებულის მიმართ ამჟამად კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს, რათა მისი აშშ-ში გადაცემა მოხდეს. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ ორგანოებს შორის დანაშაულთან ბრძოლის კუთხით მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ.
BM.GE
წყარო: bm.ge