
აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რუსულმა ნავთობქარხნებმა წარმოება გაზარდეს
რუსულმა ნავთობგადამმუშავებელმა ქარხნებმა ოქტომბრის მეორე ნახევარში, თვის დასაწყისთან შედარებით, ნედლი ნავთობის გადამუშავება 25%-ით გაზარდეს მას შემდეგ, რაც საწარმოებზე დრონებით რეგულარული თავდასხმები შეწყდა - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ინდუსტრიის სამმა წყარომ განუცხადა.
მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, რუსული ქარხნები უკრაინული დრონების ყოველკვირეული იერიშების სამიზნე იყო, რამაც ქვეყნის შიგნით საწვავის დეფიციტი გამოიწვია და ხელისუფლება აიძულა, აეკრძალა ბენზინის, საავიაციო ნავთისა და დიზელის ექსპორტი, პარალელურად კი ნავთობპროდუქტების საზღვაო იმპორტი დაეწყო.
თავდასხმები მას შემდეგ შეწყდა, რაც ვაშინგტონმა მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება სცადა და პარალელურად რუსეთთან დიზელის მიწოდების შეთანხმებას მიაღწია.
დიზელის შეთანხმების დადებიდან რამდენიმე დღეში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11 ოქტომბერს რუსეთსა და უკრაინას შორის "ენერგეტიკული ზავი" გამოაცხადა. მართალია, ორმხრივი იერიშები ამის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ამ თვეში ბოლო თავდასხმები რიაზანისა და სურგუტის ქარხნებზე ოქტომბრის შუა რიცხვებში განხორციელდა, 16 ოქტომბრის შემდეგ კი ახალი დარტყმები აღარ დაფიქსირებულა.
მას შემდეგ რუსულმა ქარხნებმა დაზიანებული დანადგარების მუშაობა სწრაფად აღადგინეს, რადგან საჭირო ნავთობ-გაზის აღჭურვილობის თითქმის მთელი ნაწილი ადგილობრივად იწარმოება, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა.
შედეგად, ანონიმური წყაროების ცნობით, ოქტომბრის მეორე ნახევრისთვის რუსულმა ქარხნებმა გადამუშავება დღეში დაახლოებით 5 მილიონ ბარელამდე გაზარდეს - რაც თვის დასაწყისთან შედარებით დაახლოებით 25%-იანი მატებაა.
გადამუშავების მოცულობის ზრდასთან ერთად, ქარხნებმა დიზელის წარმოებაც გაზარდეს, აშშ-სთან შეთანხმების საფუძველზე კი ექსპორტი ნაწილობრივ აღდგა.
წყაროების შეფასებით, რუსულმა ქარხნებმა ოქტომბერში დიზელის გამომუშავება დღეში სულ მცირე 50 000 მეტრული ტონით გაზარდეს და დღეში 225 000 ტონას (დაახლოებით 1.7 მილიონი ბარელი დღეში) მიაღწიეს. ამ მოცულობიდან ექსპორტისთვის პოტენციურად ხელმისაწვდომი დიზელის წილი დღეში დაახლოებით 80 000 ტონას შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად წარმოების ზრდისა, ნავთობის ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
ნავთობის გლობალური ფასების ზრდა საუდის არაბეთზე ჰუსიტების ახალმა თავდასხმებმა და ირანზე აშშ-ის მხრიდან მასშტაბური დარტყმების შესაძლო განახლების გამო ბაზარზე გაჩენილმა შეშფოთებამ განაპირობა.
Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 1.05%-ით გაიზარდა და ბარელზე 115 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ამერიკული WTI-ის ღირებულება 1.8%-ით გაიზარდა და ბარელზე 101.7 დოლარს მიაღწია.
BM.GE
წყარო: bm.ge