მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?
„ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?

„ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?

BM.GE28 ოქტომბერი, 2026, 23:20|bm.ge

,,საქართველოს აქვს 7.5 %-იანი ეკონომიკური ზრდა… ჩვენზე შემდეგ ქვეყანას ევროკავშირში ამის ნახევარი ეკონომიკური ზრდა აქვს. ეს არის ფაქტი… ნულის გარშემო აქვთ ეკონომიკური ზრდის ტემპები ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირის ეკონომიკა რეალურად 1.5%-ით გაიზარდა, საქართველოს ეკონომიკური ზრდა კი 7.5% იყო. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროკავშირის საშუალო ზრდას მნიშვნელოვნად აღემატებოდა. თუმცა რამდენად სრულად ასახავს ეს სხვაობა ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობას?

ევროკავშირში 7.5%-ზე მაღალი ზრდა მხოლოდ ირლანდიას აქვს (12.3%). ირლანდიის გარეშე ყველაზე სწრაფად მალტა იზრდებოდა (4.0%), მას მოსდევს კვიპროსი (3.8%), პოლონეთი (3.6%), ხორვატია (3.4%) და ბულგარეთი (3.1%).

მეორე მხრივ, ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე დაბალი ზრდის ტემპები დაფიქსირდა გერმანიასა და ფინეთში (0.2%,) უნგრეთსა და იტალიაში კი ზრდა 0.5% იყო.

ევროკავშირის წევრ შვიდ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 0.6%-1%-ის ფარგლებშია (ავსტრია, ესტონეთი, ლუქსემბურგი, რუმინეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, ბელგია).

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2%-ზე ნაკლებია, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში მნიშვნელოვნად მეტი. უარყოფითი ზრდა არც ერთ წევრს არ დაუფიქსირებია.

გრაფიკი 1: რეალური ეკონომიკური ზრდა (%) ევროკავშირის ქვეყნებში, 2025 წელი

წყარო: World bank; real gdp growth (%), 2025

ევროკავშირის გაფართოების პროცესში საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ერთ ჯგუფში განიხილებოდნენ, შესაბამისად ამ ქვეყნის მონაცემები ვნახეთ. მოლდოვასა და უკრაინაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საქართველოზე დაბალია, თუმცა 0-თან ახლოს არაა, როგორც ამას შალვა პაპუაშვილი ამბობს. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის უკრაინის მაჩვენებელთან შედარება არარელევანტურია, რადგან უკრაინის ეკონომიკა საომარ პირობებში იზომება.

მშპ-ს რეალური ზრდა კანდიდატ ქვეყნებში, 2025 წელი:

• მოლდოვა - 2.4 • უკრაინა - 1.8 • საქართველო - 7.5

საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდის შეფასებისას გასათვალისწინებელია ქვეყნის ეკონომიკის საწყისი მოცულობაც. შედარებით მცირე ეკონომიკაში მაღალი პროცენტული ზრდა უფრო მცირე თანხობრივ მატებას შეესაბამება, ვიდრე დიდ ეკონომიკაში დაბალი ზრდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ნომინალური მშპ 2024 წლის 93.0 მლრდ ლარიდან 2025 წელს 104.6 მლრდ ლარამდე გაიზარდა. თუმცა ნომინალური ზრდა ფასების ცვლილებასაც მოიცავს. 2025 წელს მშპ-ის დეფლატორი 4.6% იყო, რეალური ეკონომიკური ზრდა კი 7.5%. საქსტატის მუდმივ, 2019 წლის ფასებში გამოსახული მონაცემებით, რეალური მშპ 2024 წლის დაახლოებით 67.7 მლრდ ლარიდან 2025 წელს 72.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, რეალური მატება დაახლოებით 5.05 მლრდ ლარი იყო.

საქართველო ევროკავშირის საშუალოზე ღარიბი ეკონომიკაა, ამიტომ მაღალი პროცენტული ზრდა ნაწილობრივ დაბალი საწყისი ბაზით აიხსნება. დიდი ეკონომიკებისთვის, როგორიცაა მაგალითად, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ეკონომიკები, მცირე პროცენტული ზრდაც კი თანხობრივად უფრო დიდ მატებას ნიშნავს, ვიდრე საქართველოს მაღალი პროცენტული ზრდა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ნომინალური მშპ დაახლოებით 38.1 მლრდ აშშ დოლარი იყო. გერმანიის მშპ 5.05 ტრილიონ დოლარს, საფრანგეთის - 3.37 ტრილიონს, იტალიის კი 2.55 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გერმანიის ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკაზე დაახლოებით 132-ჯერ, საფრანგეთის - 88-ჯერ, იტალიის კი 67-ჯერ დიდი იყო. შესაბამისად, ზრდის ტემპების შედარებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროცენტული მაჩვენებელი, არამედ ეკონომიკის საწყისი მოცულობაც.

შალვა პაპუაშვილი ეკონომიკური ზრდის ტემპზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ინტერესს მოსახლეობის კეთილდღეობა წარმოადგენს და ამ კუთხით ევროკავშირის ქვეყნებს აკრიტიკებს.

მნიშვნელოვანია რა მოცულობის ეკონომიკური პროდუქტი იქმნება ერთ მოსახლეზე. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 9,692 დოლარი იყო, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი კი 47,089 დოლარი. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის საშუალო დონე საქართველოსას თითქმის ხუთჯერ აღემატება.

განსხვავება მხოლოდ ევროკავშირის მდიდარ ქვეყნებთან შედარებით არ ჩანს. ევროკავშირის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ბულგარეთშიც კი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 20,328 დოლარია, რაც საქართველოს მაჩვენებელზე დაახლოებით 2.1-ჯერ მეტი.

განსაკუთრებით დიდია სხვაობა ევროპის წამყვან ეკონომიკებთან შედარებით. მაგალითად, 2025 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლით ავსტრია საქართველოს მაჩვენებელს 6.5-ჯერ, ბელგია 6.3-ჯერ, გერმანია 6.2-ჯერ, ნიდერლანდები 7.6-ჯერ, დანიაში 7.9-ჯერ, იტალია კი 4.5-ჯერ აღემატებოდა. (იხილეთ გრაფიკი 2).

ამ მონაცემების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და მოსახლეობის კეთილდღეობის არსებული დონე ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. სწრაფი ზრდა დადებითი ეკონომიკური შედეგია, თუმცა ის თავისთავად არ ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობასთან შედარებით უკეთეს ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს.

რაც შეეხება კანდიდატ ქვეყნებს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მოლდოვაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8,621.7 დოლარი, უკრაინაში კი 5,865.9 დოლარი იყო. ამ მაჩვენებლით საქართველო მოლდოვას დაახლოებით 12.4%-ით, უკრაინას კი 65.3%-ით უსწრებს.

გრაფიკი 2: მშპ ერთ სულ მოსახლეზე (მიმდინარე აშშ დოლარში)

წყარო: მსოფლიო ბანკი

დასკვნა

2025 წელს საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირის წევრი ქვეყნებზე (გარდა ირლანდიისა) სწრაფად გაიზარდა. თუმცა მტკიცება, რომ „ნულის გარშემო აქვთ ეკონომიკური ზრდის ტემპები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს“ გადაჭარბებულია. ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე დაბალი ზრდის ტემპები 0.2%-0.5%-ის ფარგლებში მხოლოდ ოთხ ქვეყანაში (გერმანია, უნგრეთი, ფინეთი, იტალია) დაფიქსირდა.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარება ეკონომიკის მასშტაბის გათვალისწინების გარეშე სრულ სურათს არ გვაძლევს. შედარებით მცირე ეკონომიკას ზრდის მაღალი პროცენტული მაჩვენებლის მიღწევა შეუძლია, მაშინ როცა დიდი ეკონომიკის შემთხვევაში ზრდის შედარებით დაბალი პროცენტული მაჩვენებელიც კი შესაძლოა აბსოლუტურ გამოსახულებაში ეკონომიკის გაცილებით დიდ ზრდას ნიშნავდეს.

შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის პროცენტულ მაჩვენებელთან ერთად მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზომისა და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის გათვალისწინებაც. საქართველოს ეკონომიკა გაცილებით მცირეა, ვიდრე ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელსა და მისი თითოეული წევრი ქვეყნის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან შედარებას, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, მოლდოვის 2.4%-ით, უკრაინის კი 1.8%-ით. ამ მონაცემებით, საქართველოს ზრდის ტემპი ორივე ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება. თუმცა არც მოლდოვისა და არც უკრაინის შემთხვევაში ზრდა ნულთან ახლოს არ ყოფილა. ამასთან, უკრაინის ეკონომიკის ზრდის შეფასებისას გასათვალისწინებელია რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გავლენა.

ამრიგად, შალვა პაპუაშვილის განცხადება შეფასდა ვერდიქტით - ნახევრად სიმართლე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 165 სტატია.

  • რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ეროვნული შინაარსისგან, ხელოვნურადაც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • გერმანია კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაფორმულა
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE

Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

“ეს აღარ არის „ხილ-ბოსტნის” დიპლომატია - ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ტოლფასია” - ყოფილი ელჩი

“ეს აღარ არის „ხილ-ბოსტნის” დიპლომატია - ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ტოლფასია” - ყოფილი ელჩი

BM.GE

"გაწერილი არაა, მიდგომა რაზე იქნება დაფუძნებული"|რა კითხვები აქვს ვიკა ფილფანს გაზის და წყლის ტარიფის დათვლის წესის ცვლილებაზე

"გაწერილი არაა, მიდგომა რაზე იქნება დაფუძნებული"|რა კითხვები აქვს ვიკა ფილფანს გაზის და წყლის ტარიფის დათვლის წესის ცვლილებაზე

BM.GE