
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ
დღეს, 5 სექტემბერს, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მოსკოვში ჩავიდნენ უკრაინაში ომის დასრულების გზებზე მოსალაპარაკებლად. მათ რუსეთის პრეზიდენტის რწმუნებული, კირილ დმიტრიევი დახვდა.
"Reuters"-ის თვითმხილველის ცნობით, კორტეჟმა, რომელშიც ვიტკოფი, კუშნერი და დმიტრიევი იმყოფებოდნენ, მოსკოვის სამთავრობო აეროპორტი უკვე დატოვა და ქალაქის ცენტრისკენ გაემართა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა სააგენტო "TASS"-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკელ დელეგატებს კრემლში შაბათსვე შეხვდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს აღნიშნა, რომ ვაშინგტონს აქვს ახალი, კონკრეტული წინადადება იმ ომის დასასრულებლად, რომელიც უკვე მეხუთე წელია გრძელდება. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს ეს წინადადება.
რუსეთის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი პუტინთან გამართულ ყველა წინა შეხვედრაში მონაწილეობდა პუტინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველ იური უშაკოვთან ერთად. მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა წელს რუსულ ნავთობზე აშშ-ის სანქციების გამონაკლისების შესახებ წარმოებულ მოლაპარაკებებში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ორივე წარმომადგენელი კვირას უკრაინაში გაფრინდება. შაბათს, სოციალურ ქსელ "X"-ში გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკელი დელეგაციის კიევში ვიზიტის წინ, რუსეთმა ორ უკრაინულ აეროპორტზე მიიტანა იერიში.
თავის მხრივ, პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინმა გასცა ბრძანება, შაბათს შუაღამიდან სამი დღის განმავლობაში კიევზე იერიშები არ განხორციელდეს. ეს გადაწყვეტილება ვიტკოფისა და კუშნერის უკრაინის დედაქალაქში დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდება
BM.GE
წყარო: bm.ge