
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში საქართველოზე ორი შესწორება შედის
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა 4 ივნისს აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოს შესახებ ორი შესწორება დაამტკიცა. ისინი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა.
შესწორებები ეხება პოლიტპატიმრების საკითხს და საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელებს.
"კომიტეტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, აქტივისტებისა და სხვა პირების გაგრძელებული დაკავებითა და პატიმრობით, რომლებიც ფართოდ არიან მიჩნეულნი პოლიტიკურ პატიმრებად, და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი მუდმივად და შესაბამის მაღალ დონეზე უნდა განიხილებოდეს საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. შესაბამისად, კომიტეტი ავალებს თავდაცვის მდივანს, რომ 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინოს არაკლასიფიცირებული ანგარიში, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი თავდაცვის დეპარტამენტის სტრატეგია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ინტეგრირდეს პოლიტიკური პატიმრების საკითხი საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობისა და ურთიერთობების ფარგლებში", - წერია დოკუმენტში.
მეორე შესწორება თავდაცვის მდივანს ავალებს, ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან თანამშრომლობით, აქტის (NDAA) ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს გასაიდუმლოებული ანგარიში საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო ელემენტების შესახებ.
BM.GE
წყარო: bm.ge