
აშშ-მა სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანთან ომის შესაძლო განახლებაზე გააფრთხილა
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ვაშინგტონმა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ირანის წინააღმდეგ მოსალოდნელი მოკლე და ინტენსიური სამხედრო კამპანიის შესახებ გააფრთხილა.
დიპლომატიური და სამხედრო არხებით გადაცემული გზავნილები მოწმობს, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი თეირანზე მასშტაბური იერიშების ახალი ტალღისთვის ემზადებიან. არსებული ცნობებით, მოკავშირეების მიზანი ირანის სამხედრო პოტენციალის დასუსტება და თეირანის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება იქნება.
პარალელურად, ირკვევა, რომ პენტაგონმა ისრაელის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ტეხასიდან Patriot-ის დამატებითი სისტემა გაგზავნა და რეგიონში მყოფი ამერიკელი სამხედროები შედარებით დაცულ ბაზებზე გადაიყვანა.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ამერიკული ავიაცია იერიშებისთვის ემზადება, მომავალ თვეში კი ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ 20-მდე ხომალდს ავიამზიდის დამრტყმელ ჯგუფს შეუერთებს.
არსებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ის ირანის ინფრასტრუქტურასა და ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელებისკენ იხრება.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონმა შესაძლოა საგაზაფხულო სამხედრო კამპანია გაიმეოროს, თუ თეირანი შეთანხმებას არ დათანხმდება.
ცნობისთვის, ირანთან მიმდინარე 8-თვიანი ომი შეერთებულ შტატებს უკვე $47.1 მილიარდი დაუჯდა. ამ ხარჯების თითქმის 60%, რაც $29 მილიარდს შეადგენს, Tomahawk-ისა და Patriot-ის ტიპის რაკეტებისა და საბრძოლო მასალების მარაგების შევსებაზე მოდის.
BM.GE
წყარო: bm.ge