
აშშ-ს "ოქროს გუმბათი" $1.2 ტრილიონი დაჯდება, ნაცვლად პენტაგონის $185-მილიარდიანი პროგნოზისა
ორპარტიული "კონგრესის საბიუჯეტო ოფისის" (CBO) შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სარაკეტო თავდაცვის ფარის, ოქროს გუმბათის შემუშავება, განთავსება და 20 წლის განმავლობაში ექსპლუატაცია შესაძლოა 1.2 ტრილიონი დოლარი დაჯდეს. ეს რიცხვი მკვეთრად აღემატება პენტაგონის დირექტორის მიერ დასახელებულ 185 მილიარდ დოლარს.
ოქროს გუმბათი მიწისზედა თავდაცვითი სისტემების — როგორებიცაა ჩამჭრელი რაკეტები, სენსორები და მართვისა და კონტროლის სისტემები — გაფართოებას ითვალისწინებს. ამას ემატება კოსმოსზე დაფუძნებული ელემენტები, რომლებიც ორბიტიდან მომავალი საფრთხეების აღმოჩენას, თვალყურის დევნებასა და მათ პოტენციურ ჩამოგდებას ემსახურება.
CBO-ს გათვლებით, მხოლოდ სისტემის შეძენის ხარჯები 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს, საიდანაც კოსმოსში ბაზირებული ე.წ. ჩამჭრელი ფენა - 7 800 თანამგზავრისგან შემდგარი თანავარსკვლავედი - ხარჯების დაახლოებით 70%-ს შეადგენს.
სისტემა შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიას, მათ შორის ალასკასა და ჰავაის დაფარავს, და შეეძლება სრულად მოიგერიოს ისეთი რეგიონული მოწინააღმდეგის თავდასხმა, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა.
თუმცა, CBO გვაფრთხილებს, რომ რუსეთის ან ჩინეთის სრულმასშტაბიანმა თავდასხმამ სისტემა შესაძლოა გადატვირთოს და გაარღვიოს.
"პრეზიდენტის ე.წ. ოქროს გუმბათი სხვა არაფერია, თუ არა მასშტაბური საჩუქარი თავდაცვის კონტრაქტორებისთვის, რომელსაც მთლიანად მშრომელი ამერიკელები აფინანსებენ,“ — განაცხადა აშშ-ის სენატორმა ჯეფ მერკლიმ.
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა (U.S. Space Force) 12 კომპანიას 3.2 მილიარდ დოლარამდე ღირებულების კონტრაქტები კოსმოსური სარაკეტო თავდაცვის სისტემების შესამუშავებლად უკვე გაუფორმა.
მოსალოდნელია, რომ ოქროს გუმბათის სხვადასხვა კომპონენტისთვის კონკურენციაში მსხვილი თავდაცვითი კონტრაქტორები, მათ შორის Lockheed Martin, Northrop Grumman, RTX და Boeing ჩაერთვებიან.
ოქროს გუმბათის შექმნის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი 2025 წლის 27 იანვარს მოეწერა. ბრძანების მიხედვით 2028 წლისთვის სამშობლოს სარაკეტო თავდაცვის ყოვლისმომცველი სისტემა უკვე დანერგილი უნდა იყოს.
BM.GE
წყარო: bm.ge