
აშშ-ში გაყიდვების შენელების მიუხედავად, McDonald’s-ის მოგება $2.49 მილიარდამდე გაიზარდა
2026 წლის მესამე კვარტალში McDonald’s-ის შემოსავალი წლიურად 1.1%-ით, $7.16 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა უოლ-სტრიტის მიერ ნავარაუდებ $7.28 მილიარდს ჩამორჩა. ამის მიუხედავად, წმინდა მოგებამ $2.49 მილიარდი შეადგინა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ($2.28 მლრდ.) გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით, ერთ აქციაზე კორექტირებულმა მოგებამ $3.57 შეადგინა და FactSet-ის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $3.38-ს გადააჭარბა.
რაც შეეხება დეტალებს, საანგარიშო პერიოდში McDonald’s-ის გლობალური შედარებითი გაყიდვები 1.5%-ით გაიზარდა და ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ 1.3%-იან ნიშნულს ასცდა, თუმცა, ამის საპირისპიროდ, მომხმარებელთა ნაკადის შემცირება დაფიქსირდა შტატებში, სადაც აშშ-ის შიდა ბაზარზე შედარებითი გაყიდვები 0.2%-ით შემცირდა. აღსანიშნი ფაქტია, რომ ტრანზაქციების კლება საშუალო ჩეკის ზრდამ ნაწილობრივ დააბალანსა.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კემპჩინსკიმ განმარტა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე დაფიქსირებული სტაბილური შედეგები გლობალურ ზრდას განაპირობებს, აშშ-ში კი, ხელმისაწვდომ შეთავაზებებზე ფოკუსირების შემდეგ, ვითარება თანდათან უმჯობესდება.
აღსანიშნავია, რომ გაყიდვების სტიმულირებისა და კონკურენტებთან უკეთ გამკლავებისთვის, McDonald’s-ი ფრანჩაიზ პარტნიორებისთვის $8.5 მილიარდს გამოყოფს. კომპანიის მენეჯმენტის შეფასებით, ვინაიდან უახლოეს წლებში მთავარ ბაზრებზე მომხმარებელთა ნაკადის ზრდა მოსალოდნელი არ არის, გაყიდვების გასაზრდელად კორპორაციას ბაზრის უფრო დიდი წილის დაკავება დასჭირდება.
ცნობისთვის, ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, McDonald’s-ის აქციების ფასი 0.98%-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქცია $263.04-ად იყიდება, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $186.17 მილიარდს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge