
აშშ-ში ინფლაციამ 2023 წლის მაქსიმუმს მიაღწია
აშშ-ში პერსონალური მოხმარების ხარჯების (PCE) ინდექსი, რომელიც ფედერალური რეზერვისთვის ინფლაციის საზომ ძირითად ინდიკატორს წარმოადგენს, მიმდინარე წლის მაისში, წლიურ ჭრილში, 4.1%-მდე გაიზარდა. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, მაჩვენებელი 2023 წლის აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზე ფიქსირდება.
რაც შეეხება ყოველთვიურ ზრდას, მაისში PCE ინდექსის მოცულობა 0.4%-ით დაჩქარდა. აღსანიშნავია, რომ სურსათისა და ენერგომატარებლების ფასების გამოკლებით, საბაზისო ინფლაციის წლიურმა დონემ 3.4% შეადგინა, რაც Dow Jones-ის ანალიტიკოსთა მოლოდინებს დაემთხვა და 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
არსებული ინფორმაციით, ინფლაციური ზეწოლის ზრდა დიდწილად ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებულ ენერგორესურსების გაძვირებას უკავშირდება. მიუხედავად მაღალი ინფლაციისა, ქვეყანაში მომხმარებელთა აქტივობა მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება. კერძოდ, პერსონალური მოხმარების ხარჯები მაისში 0.7%-ით გაიზარდა, რაც პროგნოზირებულზე 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია. პარალელურად, მოქალაქეთა პერსონალური შემოსავლების მოცულობამაც 0.7%-ით იმატა და ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ 0.4%-იან ნიშნულს გადააჭარბა, ხოლო პირადი დანაზოგების დონე 3%-მდე გაიზარდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გამოქვეყნებული მონაცემები FED-ს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებისაკენ უბიძგებს, თუმცა ის განაკვეთის მყისიერად გაზრდის მიზეზს არ იძლევა.
BM.GE
წყარო: bm.ge