
აშშ-ში საწვავის ფასი 4-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა
ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე, აშშ-ის ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის საშუალო ფასმა გალონზე (3.8 ლიტრი) 4.18 დოლარს მიაღწია.
ანალოგიური მაჩვენებელი ბოლოს 2022 წლის აპრილში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაფიქსირდა. არსებული მონაცემებით, ბენზინის ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $1-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ შტატებს შორის ფასების მკვეთრი სხვაობა ნარჩუნდება: თუ ტეხასში გალონი საწვავი $3.72 ღირს, კალიფორნიაში მისი ფასი $5.96-ს აღწევს.
ნავთობის გაძვირება პირდაპირ კავშირშია ირანთან მიმდინარე გეოპოლიტიკურ დაძაბულობასთან. Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა დღეს ბარელზე $114 შეადგინა, რაც ომის დაწყებამდე არსებულ მაჩვენებელზე 60%-ით მეტია. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა ირანის წინადადება სრუტის გახსნის შესახებ დაიწუნა, ვინაიდან ის აშშ-ის მხრიდან საზღვაო ბლოკადის შეწყვეტას ითვალისწინებდა და ბირთვულ შეთანხმებას არ ეხებოდა.
მოგვიანებით პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის ხელმძღვანელობა "კოლაფსის პირასაა" და სრუტის გახსნა მაქსიმალურად სწრაფად სურს.
პარალელურად, ნავთობპროდუქტების ბაზარზე მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა OPEC-ის დატოვების შესახებ განაცხადა, რაც დონალდ ტრამპის პოლიტიკურ გამარჯვებად მიიჩნევა. პრეზიდენტი ორგანიზაციას ფასების ხელოვნურ ზრდასა და მსოფლიოს "გაძარცვაში" მუდმივად ადანაშაულებდა.