
აშშ-სკენ მიმავალი რუსული დიზელით დატვირთული სამი ტანკერიდან ორი სანქცირებულია - Financial Times
რუსული დიზელით დატვირთული სამი ტანკერი, რომელთაგან ერთი აშშ-ის ხელისუფლების მიერაა შავ სიაში შეყვანილი, მეორე კი - ევროკავშირის მიერ, აშშ-ის პორტებში ნოემბრის დასაწყისში შევა. ეს იურიდიულ რისკებს უქმნის იმ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ქვეყანაში საწვავის შეტანაში მონაწილეობენ - ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება.
დაახლოებით 140 000 ტონის საერთო მოცულობის ტვირთი პირველია, რომელზეც აშშ-ის ხელისუფლებამ, პრეზიდენტ ტრამპის პუტინთან შეთანხმების ფარგლებში, ლიცენზია მიანიჭა. აღნიშნული გარიგების მიზანი რუსული დიზელის სანქციებიდან დროებით გათავისუფლება და აშშ-ში საწვავის გაზრდილი ფასების შეკავებაა.
ხომალდებს შორისაა 20 წლის რუსული ტანკერი Talisman-ი, რომელიც აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება, და ჰონგ-კონგის საკუთრებაში არსებული, სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Leruo, რომელსაც სანქციები გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და კანადამ დაუწესეს.
გემების გადაადგილების მონიტორინგის მონაცემებით, Talisman-ი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე 9 ნოემბერს უნდა ჩავიდეს, მას კი მალევე მიჰყვება Leruo, რომელიც ატლანტის სანაპიროს 11 ნოემბერს მიადგება.
რუსული დიზელით დატვირთული პირველი ხომალდი, ბერძნული კომპანიის კუთვნილი ტანკერი Agioi Fanendes-ი, 40 000 ტონა ტვირთით ნიუ-იორკში 7 ნოემბერს უნდა ჩავიდეს - აშშ-ის შუალედური არჩევნებიდან ოთხი დღის შემდეგ.
ტრამპის შეთანხმების შემდეგ რუსეთის ბალტიისპირა პორტებში შემავალი ნავთობპროდუქტების ტანკერების რაოდენობამ ბოლო ორი წლის მაქსიმუმს მიაღწია. შეთანხმების მიხედვით, რუსეთმა დაუყოვნებლივ 300 000 ტონაზე მეტი (დაახლოებით 2.25 მლნ ბარელი) დიზელი უნდა მიაწოდოს, რასაც ნოემბერში 500 000 ტონა, შემდეგ 1 მილიონი ტონა, მოგვიანებით კი კიდევ 3 მილიონი ტონა მოჰყვება - მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე.
თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთს შესაძლოა გაუჭირდეს ტრამპ-პუტინის შეთანხმებით გათვალისწინებული დიზელის სრული მოცულობის მიწოდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ბოლოდროინდელი პაუზის შემდეგ რუსულ ქარხნებზე იერიშებს გაააქტიურებს.
პარალელურად, ნედლი ნავთობის ფიუჩერსების ფასი სამშაბათს ზედიზედ მეორე სესიაზე მცირედით შემცირდა, რადგან დიპლომატიური ძალისხმევა ირანსა და საუდის არაბეთს შორის დაძაბულობის დეესკალაციას ისახავს მიზნად.
BM.GE
წყარო: bm.ge