
ათწლიანი უკუგება, რომლითაც ეს ინიციატივაა დასაბუთებული, ბიზნესისთვის საინტერესო არაა - ასოციაცია გზების-მოვლა შენახვაზე
სახელმწიფომ თავის თავზე ყველაზე კრიტიკული, ყველაზე რთული მონაკვეთის მოვლა-პატრონობა აიღო - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში გზების მოვლა-შენახვის სახელმწიფო კომპანიის შექმნის ინიციატივის შეფასებისას აცხადებენ.
როგორც BMG-ის კითხვის საპასუხოდ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გიორგობიანმა განაცხადა, ის პირობები და უკუგების გათვლები, რაც მთავრობას რიკოთის გზის მოვლა-შენახვისთვის აქვს გაკეთებული, შესაძლოა, კერძო სექტორისთვის საინტერესო არ ყოფილიყო.
“სახელმწიფომ ამ შემთხვევაში აიღო თავის თავზე ყველაზე კრიტიკული, ყველაზე რთული მონაკვეთის მოვლა-პატრონობა. ეს არის პასუხისმგებლობა, ვალდებულება, რომლისთვისაც შეიძლება იმ პირობებში, რა პირობებითაც სახელმწიფომ ეს თავის თავზე აიღო, კერძო სექტორისთვის არ ყოფილიყო მისაღები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მოვლა-შენახვის [ფუნქცია] მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გაართმევენ ამას თავს.
რიკოთის იმ მონაკვეთზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დასრულებული, მოვლა-შენახვის პატრონობის [ფუნქციის] განხორციელება იმ ათწლიანი უკუგებით, რომლითაც არის დასაბუთებული და წარდგენილი ეს ინიციატივა [სახელმწიფო კომპანიის შექმნა], კერძო სექტორისთვის არ არის საინტერესო”, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა 25 ივნისს „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილებების საფუძველზე მთავრობას ეძლევა შესაძლებლობა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების ან მათი მონაკვეთების მოვლა-შენახვის ფუნქცია სამინისტროს მართვაში არსებულ სახელმწიფო კომპანიას გადასცეს. პირველ ეტაპზე ახალი კომპანია გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალს მოემსახურება, ხოლო მისი დასაფუძნებლად დაახლოებით 63 მილიონი ლარის საწყისი ინვესტიციაა გათვალისწინებული. აქამდე გზების მოვლა-შენახვა კერძო კონტრაქტორების მეშვეობით, ტენდერების საფუძველზე ხორციელდებოდა.
„ყველა კრიტიკული შეფასება აბსოლუტურად მოკლებული იყო საფუძველს“ - მინისტრი სახელმწიფო კომპანიის შექმნასთან დაკავშირებულ შენიშვნებზე
რა ეტაპზეა გზების მოვლა-შენახვის სახელმწიფო კომპანიის დაფუძნება? - მინისტრის პასუხი
BM.GE
წყარო: bm.ge