
აუდიტის სამსახურმა 2025 წელს ბიუჯეტიდან ₾36.5 მილიონის არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი ხარჯვა გამოავლინა
ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 36.5 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ძირითადად საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებია და არ მოიცავს აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს.
ამასთან, ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, აუდიტის სამსახურმა გასცა რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შედეგად ბიუჯეტში დაბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხები ან მობილიზებულ იქნა დამატებითი შემოსავლები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, დაიზოგა საბიუჯეტო რესურსები. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში დაბრუნებული/დაზოგილი/დამატებით მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 11.8 მლნ ლარი შეადგინა.
ასევე, სამსახურის მიერ ჩატარებული რეალურ დროში აუდიტების ფარგლებში შესწავლის შედეგად სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზებისა და არასწორად განსაზღვრული საჭიროებების გამო შეწყდა 9.2 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი.
დარღვევის კატეგორია თანხა მიღებული სარგებელი თანხა შესყიდვების მართვა 9 მლნ ₾ დამატებით მიღებული შემოსავლები 4.3 მლნ ₾ აქტივების მართვა 4.3 მლნ ₾ დაზოგილი თანხა 3.8 მლნ ₾ საბიუჯეტო რესურსების მართვა 23.2 მლნ ₾ ბიუჯეტში დაბრუნებული თანხა 3.7 მლნ ₾ სულ 36.5 მლნ ₾ სულ 11.8 მლნ ₾
2025 წელს ჩატარდა 44 აუდიტი, მათ შორის: 5 − ფინანსური, 26 − შესაბამისობის, 3 − უწყებათაშორისი შესაბამისობის და 10 ეფექტიანობის აუდიტი. ჩატარებული ფინანსური აუდიტებით დაიფარა 28.5 მლრდ ლარზე მეტი, რაც ნაერთი ბიუჯეტის 95%-ია.