მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აუდიტმა ჯერ კიდევ 2023 წელს მიუთითა, რომ რკინიგზის ჯართის ტენდერი საეჭვო იყო - დავით ფერაძეს ბრალი დღეს წარუდგინეს
აუდიტმა ჯერ კიდევ 2023 წელს მიუთითა, რომ რკინიგზის ჯართის ტენდერი საეჭვო იყო - დავით ფერაძეს ბრალი დღეს წარუდგინეს

აუდიტმა ჯერ კიდევ 2023 წელს მიუთითა, რომ რკინიგზის ჯართის ტენდერი საეჭვო იყო - დავით ფერაძეს ბრალი დღეს წარუდგინეს

BM.GE16 ივნისი, 2026, 16:17|bm.ge

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 17.4 მილიონი ლარის ღირებულების, 22,120 ტონა ჯართის მითვისებას და არამართლზომიერად განკარგვას და ლიანდაგების შედუღების ტენდერში 403 ათასი ლარის არამართლზომიერად გაცემას.

მნიშვნელოვანია გარემოება, 2023 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა საქართველოს რკინიგზის 2020 და 2021 წლების შესყიდვების აუდიტის ანგარიში, სადაც სწორედ ჯართთან დაკავშირებით შპს "კახეთთან" გაფორმებულ კონტრაქტში საეჭვო გარემოებებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ რკინიგზის მიერ ამ შესყიდვაში თანხები ზედმეტად იყო გადახდილი 39,000 ლარის ოდენობით. თუმცა, თავის მხრივ აუდიტის სამსახურს არ ჰქონდა აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა სრულად შესწავლილი, რაც როგორც დღეს სუსი მიუთითებს 17 მილიონზე მეტი ღირებულების 22,120 ტონა ჯართის მითვისებას მოიცავდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჯართის გადაზიდვის კონტრაქტზე:

"2020 წელს გამოცხადებული 1,080,000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ჯართის და ფერადი ლითონის დახარისხების, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მომსახურების შესყიდვა. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა − შპს „კახეთმა“, რომელიც გამოცხადდა გამარჯვებულად და გაუფორმდა 392,156 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება. 2021 წელს ხელშეკრულებაში შევიდა ორი ცვლილება, რომლებითაც გაიზარდა ხელშეკრულების ღირებულება. აღსანიშნავია, რომ მეორე ცვლილება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. კერძოდ, მიმწოდებელმა 2021 წლის 11 მარტის წერილით მოითხოვა ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა 39,000 ლარით დღგ-ის გარეშე, რასაც ასაბუთებდა ჯართის დახარისხების ადგილამდე 24 კმ, გზის გაყვანისა და მოსწორების საჭიროებით, ასევე ტრაქტორების გამოყენების აუცილებლობით, რაც მიმწოდებლის წერილის მიხედვით იწვევდა გაუთვალისწინებელ ხარჯებს. აღნიშნულ წერილში არ იყო სათანადო დასაბუთება ხელის შემშლელი გარემოებების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წარმოშობის შესახებ. კომპანიის განმარტებით, მიმწოდებელს სატენდერო პირობებითა და ხელშეკრულებით ეკისრებოდა მომსახურების გაწევის ვალდებულება მხოლოდ დანართში მითითებულ ლოკაციებზე. ფაქტობრივად კი მიმწოდებელს მომსახურების გაწევა მოუწია დანართში მითითებული ადგილიდან 24 კილომეტრის მოშორებით, სოფელ რუხში, სადამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ფაქტობრივად არ არსებობდა და მძიმე ტექნიკისათვის ლოკაცია იყო მიუვალი.

დასკვნა: სს „საქართველოს რკინიგზამ“ სატენდერო პირობების შეუსაბამოდ, სათანადო დასაბუთების გარეშე, გაზარდა ხელშეკრულების ღირებულება 13,820 აშშ დოლარით დღგ-ის ჩათვლით, რითაც შემსყიდველისთვის გაუარესდა სახელშეკრულებო პირობები,"- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

კონტრაქტი შპს "კახეთთან"

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანახმად, შპს "კახეთს" ჯართის გადაზიდვასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზამ 2020 წელს ორი კონტრაქტი გაუფორმა 1.08 მილიონი ლარის და 379 ათასი ლარის ოდენობით. ერთი კონტრაქტი 33 ათასი ტონა შავი ლითონის, მეორე კონტრაქტი კი 13 ათასი ტონა შავი ლითონის გატანას ითვალისწინებდა. აღნიშნული ჯართის შეგროვება და დახარისხება საქართველოს მასშტაბით, რკინიგზის სხვადასხვა ობიექტზე განხორციელდა. როგორც დღეს სუს-ის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, არასწორად იყო წარმოდგენილი აღნიშნული ჯართის წონა და ხშირ შემთხვევაში გადაზიდვები აწონვის გარეშე ხორციელდებოდა, რის შედეგადაც დანაშაულებრივმა ჯგუფმა 22,120 ტონა ჯართი მიითვისა. რაც შეეხება შპს "კახეთს" აღნიშნული კომპანია 2019 წლის მაისში არის დაფუძნებული და მის 100%-ის წილს მალხაზ ომარაშვილი ფლობს.

სუსის თანახმად, დანაშაულებრივმა ჯგუფმა 17.4 მილიონი ლარის ჯართი შემდეგი სქემით მიითვისა:

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. პარალელურად, წინასწარ შერჩეული კომპანიების გამოყენებით, უნდა შედგენილიყო საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ შავ ლითონს გაუჩნდებოდა ფორმალური, ვითომდა ლეგალური წარმომავლობა და განხორციელდებოდა მისი რეალიზაცია. დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი - შპს ,,კახეთი“, შპს ,,ნოვა ტრანსი“, შპს ,,ჯადექსა“, შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ და შპს ,,გრანდ კახეთი“.

დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ ორ ეტაპად - 2020 წლის 08 თებერვალსა და 09 სექტემბერს გამოაცხადა ორი ტენდერი შავი ლითონის ტრანსპორტირების, დახარისხების, დაჭრისა და ერთად შეგროვების მომსახურების შესყიდვაზე, რომლებშიც გამარჯვებულად გამოცხადდა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების მიერ დაფუძნებული და ფაქტობრივ მმართველობაში არსებული შპს ,,კახეთი“. იმავდროულად, დავით ფერაძესთან შეთანხმებით, ერთ-ერთი პირი, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილი თანამშრომლების გვერდის ავლით, უზრუნველყოფდა წამოსაღები შავი ლითონის ადგილზე დაუთვლელად, აწონის გარეშე და ზოგ შემთხვევაში, დოკუმენტურად უკვე აღრიცხული შავი ლითონის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით გატანას. შესაბამისად, დოკუმენტური მხარე ფორმდებოდა იმგვარად, რომ მომავალში შეუძლებელი გამხდარიყო დანაკლისის არსებობაზე პასუხისმგებელი პირის დადგენა, რაც საბოლოოდ გაამარტივებდა მის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ბალანსიდან ჩამოწერას.

შპს ,,კახეთის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, დავით ფერაძის ორგანიზებით, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ტერიტორიებიდან, დასაწყობების ნაცვლად, სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვებული შავი ლითონის ნაწილის სატვირთო ავტომობილებით გატანა და რუსთავში მდებარე შპს „ჯეოსთილის“ საწარმოში ჩაბარება. პროცესში მონაწილეობდნენ და მეთვალყურეობას უწევდნენ როგორც ზემოხსენებული სააქციო საზოგადოების წინასწარ შერჩეული წარმომადგენლები, ასევე დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირები - შპს ,,კახეთის“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს ,,ნოვა ტრანსის“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს ,,ჯადექსას“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი და შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხუროს“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი. ამავდროულად, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ გვერდის ავლით რეალიზებული შავი ლითონის ნაწილის დანაშაულებრივი წარმომავლობისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის, ასევე ტრანსპორტირება/რეალიზაციის გაადვილებისა და დანაშაულში მონაწილე მეწარმე სუბიექტებისათვის ხელოვნური ნაშთის შექმნის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დამზადებულ იქნა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები.

ამდენად, ზემოაღწერილი დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, 2020-2021 წლებში მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯამში, დაუფლებულ იქნა სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა შავი ლითონი, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ 17 391 121 ლარად შეისყიდა შპს ,,ჯეოსთილმა“. შპს ,,ჯეოსთილისგან“ მიღებული თანხა აკუმულირდა შპს ,,ნოვა ტრანსისა“ და შპს ,,ჯადექსას“ საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის განაწილება,"- წერს სუსი.

აღნიშნულ საქმეებზე ფერაძეზე და კიდევ ერთ პირზე ძებნაა გამოცხადებული. დაპატიმრებულია 6 ადამიანი. 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

საქართველოს რკინიგზის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოს რკინიგზამ ჯართის რეალიზაციით 14.7 მილიონი ლარი, 2021 წელს კი 27.6 მილიონი ლარი მიიღო, შესაბამისად რომ არა კორუფციული სქემა კომპანიის შემოსავალი ამ პერიოდში 17.4 მილიონი ლარით მეტი იქნებოდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წლის ბოლოს საქართველოში ინფლაცია 6%-ს მიაღწევს - თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება

წლის ბოლოს საქართველოში ინფლაცია 6%-ს მიაღწევს - თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმება დაამტკიცა

ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმება დაამტკიცა

BM.GE

ილია თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - სპორტსმენი წელს სავარაუდოდ, ვეღარ იბრძოლებს | Eurosport

ილია თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - სპორტსმენი წელს სავარაუდოდ, ვეღარ იბრძოლებს | Eurosport

BM.GE