მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “აუცილებელია ე.წ. საპოლიციო გამოსახლება დაბრუნდეს” - რა შეცვალა დავების სასამართლო სისტემაში გადატანამ?
“აუცილებელია ე.წ. საპოლიციო გამოსახლება დაბრუნდეს” - რა შეცვალა დავების სასამართლო სისტემაში გადატანამ?

“აუცილებელია ე.წ. საპოლიციო გამოსახლება დაბრუნდეს” - რა შეცვალა დავების სასამართლო სისტემაში გადატანამ?

BM.GE8 ივლისი, 2026, 17:24|bm.ge

საქართველოში უძრავი ქონების მესაკუთრეები წლებია სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან — არაკეთილსინდისიერი მოიჯარეებისგან ფართის გამოთავისუფლება, ხშირ შემთხვევაში, წლობით ჭიანურდება. იურისტების განმარტებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „საპოლიციო გამოსახლების“ ინსტიტუტი გაუქმდა, მესაკუთრეები სრულიად დაუცველები დარჩნენ.

როგორც იურისტი გია ფოლადიშვილი BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, როდესაც მდგმური წყვეტს ქირის გადახდას და უარს ამბობს ფართის დატოვებაზე, მესაკუთრეს ერთადერთი სამართლებრივი გზა რჩება — მიმართოს სასამართლოს „უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის“ მოთხოვნით, თუმცა სასამართლო სისტემის გადატვირთულობის გამო, სააღსრულებო ფურცლის მიღებას ხშირად ერთი წელი სჭირდება.

პრობლემა სასამართლოს ეტაპზე არ სრულდება. იურისტის განმარტებით, საქმის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადასვლის შემდეგ, მესაკუთრეს კიდევ ერთი წელი ან მეტი ლოდინი უწევს. ამის მიზეზი გასულ წლებში მოქმედი ე.წ. მორატორიუმი და დაგროვილი საქმეების დიდი რიგია. გია ფოლადიშვილის თქმით, ჯამში, საკუთრების დაბრუნებას, საუკეთესო შემთხვევაში, მინიმუმ 2 წელი სჭირდება.

„სამწუხაროდ, არიან ისევ ჩვენს ქვეყანაში არაკეთილსინდისიერი დამქირავებლები, მოიჯარეები, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ წყვეტენ საიჯარო თანხის გადახდას და შემდეგ არც ტოვებენ ბინას. ასეთ შემთხვევაში, მესაკუთრე იძულებულია მიმართოს სასამართლოს, ვინაიდან აღარ არსებობს ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი. მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით არის შესაძლებელი მივიღოთ სააღსრულებო ფურცელი გამოსახლების თაობაზე, შესაბამისად მესაკუთრე იძულებულია მიმართოს სასამართლოს და სასამართლოსგან მიიღოს სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც შემდეგ მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოახერხებს თავისი საკუთრების გამოთავისუფლებას მოიჯარის უკანონო მფლობელობისგან. აღნიშნულ პროცედურას შეიძლება დასჭირდეს ერთი წელიც კი, რომ მივაღწიოთ ჩვენი საკუთრების გამოთავისუფლებას.

აღნიშნული დავები არის საკმაოდ მრავალრიცხოვანი. ერთი ნათელი წერტილი, რაც შემიძლია ვახსენო არის ის, რომ წელს დაიწყო ნელ-ნელა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსახლების პროცედურები. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გამოთავისუფლდა უკანონო მფლობელობიდან მესაკუთრეთა უძრავი ქონება და გადაეცა მესაკუთრეს.

ყველაზე მთავარი და პრობლემატური არის ის, რომ გარკვეული პერიოდი იყო ე.წ. მორატორიუმი გამოცხადებული. შიდა გადაწყვეტილებით არ გამოსახლება და დაგროვდა ასეთი საქმეები. წარმოიდგინეთ საქმე, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არის უკვე 6 წელია და არ მომხდარა გამოსახლება. ბუნებრივია, რიგითობით აღნიშნული საქმეები დაიწყება. შესაბამისად, ახლა რომ წარვადგენთ სააღსრულებო ფურცელს, მინიმუმ წელიწადნახევარი-ორი წელი ლოდინის რეჟიმში მოგვიწევს ყოფნა, თუმცა ნათელი წერტილია ის, რომ როგორც იქნა დაიწყო გამოსახლებები და მორატორიუმი აღარ მოქმედებს”,-აცხადებს იურისტი.

პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე იურისტები გამოსავალს საკანონმდებლო ცვლილებებში ხედავენ. მათი აზრით, ჯერ კიდევ 2015 წელს გაუქმებული საპოლიციო გამოსახლება უნდა აღდგეს ან აღსრულების ბიუროს მიენიჭოს უფლება, გამოსახლების პროცედურა სასამართლოს გვერდის ავლით, პირდაპირ დაიწყოს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ინიციატივა ჰქონდა 2 წლის წინ იუსტიციის სამინისტროსაც, თუმცა მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ამ დრომდე დღის სინათლე არ უნახავს.

„ეს საკითხი თუ არ დარეგულირდა, ვიქნებით ისევ იმ მოცემულობაში, რაშიც დღეს ვართ: ათასობით საქმე სასამართლოში და ასობით დაგროვილი საქმე აღსრულების ბიუროში.

აუცილებელია დაბრუნდეს ე.წ. საპოლიციო გამოსახლება. სხვა ალტერნატივას მე ვერ ვხედავ. ან, შეიძლება საკანონმდებლო ცვლილებით პირდაპირ სააღსრულებო წარმოების უფლება მიენიჭოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს (სასამართლოს გარეშე). სასამართლოსთვის ეს დიდი ტვირთია და ამ საქმეების მოხსნით დიდი რესურსი გამოთავისუფლდება სხვა დავებისთვის. ის ინიციატივა, რომელიც 2 წლის წინ იყო, სამწუხაროდ, დარჩა ინიციატივად და კანონის დონეზე დღის სინათლე ვერ ნახა”,-აცხადებს გია ფოლადიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოში ე.წ. „საპოლიციო გამოსახლების“ მექანიზმი 2015 წელს გაუქმდა. აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე, მესაკუთრეს უფლება ჰქონდა, ხელშეკრულების დარღვევის ან ფართის უკანონოდ დაკავების შემთხვევაში, პოლიციისთვის მიემართა და გამოსახლების პროცედურა სასამართლოს გარეშე დაწყებულიყო.

საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, უძრავი ქონებიდან პირთა იძულებითი გამოყვანის ერთადერთ სამართლებრივ ბერკეტად სასამართლოსთვის მიმართვა რჩება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სადეპუტატო კითხვაზე პასუხიდან ირკვევა, რომ ამ დროისთვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს წარმოებაში აქვს სხვისი მფლობელობიდან/ სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის ანუ გამოსახლების 602 საქმე, რომლის აღსრულების პროცესი ჯერ კიდევ 2022 წლამდე დაიწყო.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 1.1 მილიონამდე, შემოსავლები კი ₾40.5 მლნ-მდე გაიზარდა

ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 1.1 მილიონამდე, შემოსავლები კი ₾40.5 მლნ-მდე გაიზარდა

BM.GE

„მოიწვიე ფინედუ კლასში“ -  საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო

„მოიწვიე ფინედუ კლასში“ -  საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო

BM.GE

2025 წელს საქართველომ რეკორდული ₾2 მილიარდის ამანათები გამოიწერა - ₾874 მლნ-ის ჩინეთიდან

2025 წელს საქართველომ რეკორდული ₾2 მილიარდის ამანათები გამოიწერა - ₾874 მლნ-ის ჩინეთიდან

BM.GE

"თიბისი კაპიტალის" პროგნოზით, წელს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე შენარჩუნდება

"თიბისი კაპიტალის" პროგნოზით, წელს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე შენარჩუნდება

BM.GE