
აუცილებელია, განისაზღვროს მოხმარების ზღვარი, რის შემდეგ მესტიაში დენის საფასური დაწესდება - ენერგეტიკოსი
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების 22%-იანი კლება დადებითია, თუმცა არასაკმარისი - ასე აფასებს ენერგეტიკოსი გია არაბიძე მესტიაში საბალანსო მრიცხველების დამონტაჟების პირველად შედეგებს.
როგორც არაბიძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ადგილზე არსებული მოსახლეობის რაოდენობიდან და ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება უფრო მკვეთრად უნდა შემცირდეს.
ენერგეტიკოსი მიიჩნევს, რომ ამისთვის აუცილებელია განისაზღვროს დენის მოხმარების ის ზღვარი, რის შემდეგ მესტიაში მომხმარებლებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწევთ.
“ძალიან კარგია, რომ ამ ეტაპზე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა, ცუდია, რომ მეტით არაა შემცირებული. შეიძლებოდა იქ მოხმარება არა 22%, არამედ უფრო მეტი პროცენტით შემცირებულიყო, მაგრამ ძალიან კარგია, რომ დაიწყო გამრიცხველიანების პროცესი და ნელ-ნელა ალბათ მივალთ იმ დონემდე, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის ფასი სრულად იქნება ამოღებული მესტიიდან.
ამ ღონისძიებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ჩვენ მოვახერხებთ და მესტიის მცხოვრებლებს განვუსაზღვრავთ ელექტროენერგიის იმ ნორმატიულ, მინიმალურ რაოდენობას, რომელიც აუცილებელია სასიცოცხლო და მათი ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ეს უნდა იყოს ისეთი ციფრი, რომლითაც მოსახლეობას ხელი არ უნდა შეეშალოს თავიანთ საქმიანობაში და ამის ზემოთ მოხმარებულ ელექტროენერგიას კი დავადებთ ფასს. ეს იქნება ძალიან კარგი შედეგი, რომ მინიმალური გახდეს უკვე მოხმარება ან და მოხმარებული ენერგიის საფასური მაქსიმალურად იქნეს ამოღებული.
დაახლოებით 120-130 მილიონი კილოვატ-საათი იყო მესტიის მოხმარება. მოხმარების 22%-ით შემცირება იმას ნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 110 მილიონ კილოვატ-საათამდეა ჩამოსული. რეალურად, რომ ვიანგარიშოთ თავისი ეკონომიკით და მრეწველობით, მესტიის მოხმარება 60-70-80 მილიონ კილოვატ-საათს არ უნდა აჭარბებდეს იქ არსებული მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. მაგრამ ალბათ ეს ერთ დღეში არ გაკეთდება. ძალიან კარგია, რომ დავიწყეთ, ძალიან ცუდია, რომ ძალიან დავაგვიანეთ ამის დაწყება, ცოტა ადრე უნდა დაგვეწყო, რომ დღეს შედეგი უკეთესი იქნებოდა”, - განაცხადა გია არაბიძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საბალანსო მრიცხველი მესტიის უკვე მუნიციპალიტეტის 33 სოფელშია დამონტაჟებული. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 22%-ით არის შემცირებული ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში, თუმცა ეს საკმარისი არაა.
მესტიის გამრიცხველიანების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ივნისის დასაწყისში მთავრობამ მაღალმთიან რეგიონში კრიპტომაინინგთან ბრძოლის შესახებ განაცხადა.
BM.GE
წყარო: bm.ge