
ავტოინდუსტრიის ბრუნვა ₾5.1 მლრდ-მდე შემცირდა, რეექსპორტი კი 26%-ით - TBC Capital
2026 წლის 9 თვეში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 26%-ით, იმპორტი 13%-ით, ხოლო წლის პირველ ნახევარში სექტორის საერთო ბრუნვა 5.6%-ით შემცირდა - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშშია აღნიშნული.
სექტორის ბრუნვა
საინვესტიციო ბანკის მონაცემებით, თუკი 2021-2023 წლებში სექტორი ყოველწლიურად ორნიშნა ტემპით იზრდებოდა (2023 წელს ზრდამ რეკორდული 56.5% შეადგინა), 2026 წლის პირველ ნახევარში (I-II კვარტალი) სექტორის ბრუნვა წლიურად 5.6%-ით შემცირდა და 5.1 მლრდ ლარი შეადგინა (2025 წლის პირველ ნახევარში 5.4 მლრდ ლარი იყო).
შედარებისთვის, მთლიანად 2025 წელს ავტოინდუსტრიის ბრუნვამ ისტორიულ პიკს მიაღწია და 10.6 მილიარდი ლარი შეადგინა.
იმპორტი და რეექსპორტი
თიბისი კაპიტალის თანახმად, ავტოსექტორის საგარეო ვაჭრობაში (რომელიც მსუბუქ, სატვირთო და სპეციალურ ტექნიკას მოიცავს) მნიშვნელოვანი კლებაა.
2026 წლის 9 თვეში საქართველოში 2.9 მილიარდი აშშ დოლარის ავტოსატრანსპორტო ტექნიკა შემოვიდა, რაც წლიურად 13%-ით ნაკლებია, 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან 0 3.3 მილიარდ აშშ დოლართან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში 26%-ით შემცირდა რეექსპორტის მაჩვენებელიც და 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, გასული წლის 9 თვის $2.1-მილიარდიან მაჩვენებელთან შედარებით.
TBC Capital-ის შეფასებით, ვარდნა გამოწვეულია როგორც შიდა აქციზური გადასახადების ცვლილებით, ისე შუა აზიის ბაზრებზე ჩინური მწარმოებლების ექსპანსიითა და მზარდი კონკურენციით.
რეექსპორტის გეოგრაფია
მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთი და ყაზახეთი კვლავ ქართული ავტორეექსპორტის უმსხვილეს პარტნიორებად რჩებიან, მათზე მოთხოვნა თითქმის განახევრდა:
• ყირგიზეთი: რეექსპორტი წლიურად 43%-ით შემცირდა ($582 მლნ, 15,933 ერთეული). ქვეყნის წილი საერთო რეექსპორტში 51%-დან 40%-მდე ჩამოვიდა; • ყაზახეთი: რეექსპორტი წლიურად 42%-ით შემცირდა ($328 მლნ, 20,863 ერთეული), წილი კი 28%-დან 22%-მდე შემცირდა; • აზერბაიჯანი: მესამე ადგილზეა $149 მილიონით (4,327 ერთეული, -12% წლიურად).
სანამ ცენტრალური აზიის ორი მთავარი ბაზარი მცირდება, საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, რეექსპორტის გეოგრაფიაში სხვა ქვეყნების წილი 12%-დან 28%-მდე გაიზარდა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით:
• ირანი: $129 მილიონი (+18,5%); • სომხეთი: $65 მილიონი (+54%); • თურქმენეთი: $24 მილიონი (+24%); • ერაყი: $18 მილიონი (+15,3%); • საუდის არაბეთი: მართალია, მხოლოდ 56 ერთეული გავიდა ($13 მლნ), თუმცა აქ ავტომობილის საშუალო საექსპორტო ფასი რეკორდული 225.6 ათასი დოლარია, რაც პრემიუმ/ლუქს კლასის ავტომობილების ექსპორტზე მიუთითებს.
ავტოდილერების მოგების მარჟები
Reportal-ისა და თიბისი კაპიტალის მონაცემებით (რომელიც სექტორის უმსხვილეს მოთამაშეებს ეფუძნება: Tegeta Motors, Toyota Centre Tbilisi, GT Motors, Iberia Business Group, Hyundai Auto Georgia და ა.შ.), 2021-2023 წლების მაღალი მოგების შემდეგ, 2024 წლიდან კომპანიების მოგებიანობა ისტორიულ ნორმას უბრუნდება:
• მთლიანი მოგების მარჟა: 2023 წლის პიკური 21%-დან 19%-მდე შემცირდა; • EBITDA მარჟა: 13%-დან 12%-მდე დაკორექტირდა; • საოპერაციო მარჟა: 12%-დან 10%-მდე შემცირდა; • სუფთა მოგების მარჟა: 2023 წლის 9%-იანი რეკორდის შემდეგ 8%-იან ნიშნულზე სტაბილიზდა.
BM.GE
წყარო: bm.ge