
აზერბაიჯანის ლაჩინის რაიონში სამი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა სრულდება
AzerEnergy-მ ლაჩინის რაიონში, მდინარე შალვის მონაკვეთზე, 10.7 მეგავატი ჯამური სიმძლავრის სამი ახალი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზე გადაიყვანა.
როგორც ირკვევა, სამივე ობიექტზე ტურბინებისა და გენერატორების სამონტაჟო პროცესი უკვე დაიწყო. სააგენტო Trend-ის ინფორმაციით, კომპანია სამუშაოების სრულად დასრულებას უახლოეს თვეებში შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ ახალი ინფრასტრუქტურა 4.59-მეგავატიან ენერგეტიკულ ობიექტ „სეიდლარს“, 3.16-მეგავატიან „ბულოვლუსა“ და 2.93-მეგავატიან „გოშასუს“ მოიცავს. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, რთული მთიანი რელიეფის გათვალისწინებით, წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად 14.5 კილომეტრი სიგრძის სადერივაციო მილსადენები მოეწყო.
ცნობისთვის, ლაჩინის რაიონის ელექტროენერგიის ამჟამინდელი მოთხოვნა 8-10 მეგავატს შეადგენს. ამ მოცულობას კი სრულად ადგილობრივ ჰიდროელექტროსადგურებში გამომუშავებული მწვანე ენერგია ფარავს. ადგილობრივ საჭიროებაზე მეტი გამომუშავებული ელექტროენერგია კი პირდაპირ აზერბაიჯანის ერთიან ენერგოსისტემაში გადაედინება.
ინფორმაციისთვის, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში AzerEnergy-მ ლაჩინის რაიონში 72.6 მეგავატი საერთო სიმძლავრის 11 ჰიდროელექტროსადგური ააშენა. ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, რაიონში მოქმედი ჰესების რაოდენობა 14-მდე გაიზრდება. ამ პროექტების დასრულებით კი მათი საერთო სიმძლავრე 83.3 მეგავატს მიაღწევს.
BM.GE
წყარო: bm.ge