
აზერბაიჯანმა სომხეთში $17.6 მილიონის პროდუქცია გაიტანა
2026 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანმა სომხეთში $17.6 მილიონზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიტანა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ოფიციალური მონაცემებით, მეზობელ ქვეყანაში ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ $17.603 მილიონი შეადგინა. როგორც ირკვევა, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მთავარ საყრდენად ენერგორესურსების და პირველადი მოხმარების პროდუქტები იქცა.
აღსანიშნი ფაქტია, რომ ბაქოსა და ერევანს შორის პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა სატრანზიტო შეზღუდვების გაუქმების შემდეგ დაიწყო.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აზერბაიჯანულ ექსპორტში უმსხვილესი წილი ნავთობპროდუქტების მიწოდებას უკავია. სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა სომხეთის მიმართულებით საწვავის გადაზიდვა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო. მიმდინარე წლის განმავლობაში აზერბაიჯანულმა მხარემ მეზობელ სახელმწიფოს AI-92 და AI-95 მარკის ბენზინისა და დიზელის მსხვილი მოცულობის პარტიები გაუგზავნა. საწვავის მიწოდების კუთხით განსაკუთრებით მასშტაბური სექტემბრის დასაწყისი გამოდგა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა სომხეთში დაახლოებით 16,000 ტონა დიზელი და 5,000 ტონამდე ბენზინი გაგზავნა.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად აზერბაიჯანის სატრანზიტო დერეფნის მეშვეობით სომხეთში რუსული წარმოების სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციის გადაზიდვაც გააქტიურდა. გაზაფხულისა და ზაფხულის განმავლობაში რკინიგზით ათიათასობით ტონა ხორბალი, ქერი და წიწიბურა გადაიზიდა.
ამას გარდა, აზერბაიჯანის გავლით სომხურმა მხარემ სასუქის, ფქვილისა და ხე-ტყის მსხვილი პარტიები მიიღო. სატრანზიტო ტვირთებს შორის ალუმინი, ქვანახშირი და თხევადი გაზიც აღმოჩნდა. ახალმა სარკინიგზო მარშრუტმა რეგიონში ლოგისტიკური არხების დივერსიფიკაციას შეუწყო ხელი.
ცნობისთვის, აზერბაიჯანმა სომხეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტზე კონფლიქტის პერიოდიდან მოქმედი ყველა შეზღუდვა 2025 წლის 21 ოქტომბერს ოფიციალურად მოხსნა.
BM.GE
წყარო: bm.ge