
დივერსიფიკაცია კლასიკური მეთოდია ქვეყნებისთვის, სადაც რეზერვები ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია - ძნელაძე
საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ დივერსიფიცირების მიზნით სავალუტო რეზერვებში სხვადასხვა აქტივების, მათ შორის ვალუტების წილის ზრდა მისაღებია.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ BMG‑ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილის 15%-მდე გაზრდის შეფასებისას განუცხადა, რეზერვების დივერსიფიცირებას ბევრი ქვეყანა მიმართავს. თუმცა მისივე თქმით, კონკრეტულ ინსტრუმენტთან და ვალუტასთან მიმართებაში პროგნოზების გაკეთება რთულია.
საქმე ისაა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილის 5%-დან დაახლოებით 15%-მდე გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება რეზერვების დივერსიფიკაციას უკავშირდება და მიზნად მათი მდგრადობის გაზრდას ისახავს.
„კონკრეტულ ვალუტასთან დაკავშირებით ძალიან რთული არის რაიმე პროგნოზის გაკეთება, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ რეზერვების დივერსიფიკაციაზე, ყველაზე მეტი კონცენტრაცია მაინც დოლარში და ლარშია. როგორც იცით, ასევე ოქროშიც ხდება რეზერვების განთავსება და სხვადასხვა მეთოდებით ხდება გადანაწილება.
დივერსიფიკაცია არის კლასიკური მეთოდი ყველა ქვეყნისთვის, რომლისთვისაც რეზერვები არის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობისთვის, პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დივერსიფიკაციას მივესალმებით.
კონკრეტულად ვალუტების და მეთოდების არჩევა, ეს არის ეროვნული ბანკის პრეროგატივა. რომელ ვალუტაში, აქტივებში, ან რომელი მიმართულებით უნდა იყოს რეზერვები განთავსებული, სანამ რეალურად შედეგს არ მივიღებთ, მანამდე პრაქტიკულად ცოტა რთული იქნება პროგნოზირება.
დღევანდელ სიტუაციაში მსოფლიოში სხვადასხვა ბაზართან მიმართებაში არსებობს უამრავი გამოწვევა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ სტაბილურობას უზრუნველყოფს საერთაშორისო რეიტინგები, შეფასებები, აუდიტი“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებითვე, გლობალური გაურკვევლობის ფონზე, ეროვნული ბანკის მხრიდან რეზერვების დაგროვების სწრაფი ტემპი გამართლებულია.
„რეგიონში ძალიან მაღალი რისკების ფონზე, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომ რეზერვები შეავსოს და საშუალო და გრძელვადიანი კრიზისებისთვის და მოვლენებისთვის მზად იყოს, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
ცნობისთვის, 2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის საქართველოს სავალუტო რეზერვებმა $8.17 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით $26 მილიონით მეტია.
BM.GE
წყარო: bm.ge