
"საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები" - როგორია Georgian Walnut Enterprise-ის გეგმები?
ქართული კაკლის მწარმოებელი კომპანია Georgian Walnut Enterprise ექსპორტის გაფართოებას და ინდოეთისა და იაპონიის ბაზრებზე შესვლას განიხილავს. კომპანიის დამფუძნებლის, გიორგი მესხიძის განცხადებით, ამ ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო გამოფენებზე ქართულმა კაკალმა ინტერესი გამოიწვია, რის საფუძველზეც კომპანია ახალ ბაზრებზე გაყიდვების დაწყების შესაძლებლობას სწავლობს.
BM.GE-სთან ინტერვიუში გიორგი მესხიძე აღნიშნავს, რომ კომპანია ამჟამად პროდუქციას რამდენიმე უცხოურ ბაზარზე ყიდის, მათ შორის პორტუგალიაში, საბერძნეთში, ალბანეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მისი თქმით, რეალიზაციაში ექსპორტის წილი დაახლოებით 45%-ს შეადგენს.
„ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გადის, მათ შორის პორტუგალიაში, საბერძნეთში, ალბანეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ქართული კაკალი მაღალი ხარისხითა და კარგი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, რაც სხვადასხვა მსხვილ მწარმოებელთან კონკურენციის შესაძლებლობას გვაძლევს. კომპანია აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში და ბრენდის ცნობადობა ეტაპობრივად იზრდება, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია“, - აცხადებს გიორგი მესხიძე.
მისივე თქმით, კომპანია სამომავლოდ როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო მიმართულებით გაყიდვების ზრდას გეგმავს. ამასთან, გაფართოების პარალელურად, პროდუქციის ასორტიმენტისა და შეფუთვის ფორმების გამრავალფეროვნებაც იგეგმება.
„მომავალში ვგეგმავთ სხვადასხვა ტიპის შეფუთვის დამატებას და პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას. გაყიდვების გაფართოებას ვაპირებთ როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტის მიმართულებით. განსაკუთრებით საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები. ამ ქვეყნებში მნიშვნელოვან გამოფენებს დავესწარით, სადაც ქართული კაკლის მიმართ ინტერესი გამოიკვეთა. შესაბამისად, ახლა ამ ბაზრებს განვიხილავთ“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
Georgian Walnut Enterprise სოფლის მეურნეობის სექტორში 2014 წლიდან ოპერირებს. კაკლის პირველი ბაღი კომპანიამ 2015 წელს გააშენა, ხოლო 2020 წლიდან საკუთარი გადამმუშავებელი ქარხანა 5.4 მილიონი ლარის ინვესტიციით აამოქმედა. დღეის მდგომარეობით, კომპანია 230 ჰექტარ კაკლის ბაღს ფლობს და პრემიუმ ხარისხის კაკალს აწარმოებს.
BM.GE
წყარო: bm.ge