
ბალნეოლოგია, სათხილამურო კურორტი - როგორ ხედავს "ჰაერის" დამფუძნებელი კურორტ უწერას განვითარების პერსპექტივას?
კურორტ უწერას ტურისტული თვალსაზრისით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამ შესაძლებლობების სრულად ასათვისებლად კომპლექსური მიდგომა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა საჭირო - უწერაში ტურისტული ობიექტი "ჰაერის" დამფუძნებელმა, გენო თაყაძემ BM.GE-სთან საუბრისას კურორტის განვითარების სამი მთავარი მიმართულება გამოყო, რაც რეგიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს და სეზონურობის პრობლემას ნაწილობრივ მაინც გადაჭრის.
დამფუძნებლის განმარტებით, პირველი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კურორტის ბალნეოლოგიური პროფილია, რომელიც დღეს სათანადოდ არ არის ათვისებული.
"კურორტ უწერას განვითარებისთვის სამი მთავარი ფაქტორი არსებობს. პირველი ბალნეოლოგიური მიმართულებაა – მინერალური, სამკურნალო წყლები, რომლებზეც შესაძლებელია დიდი აქცენტის გაკეთება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც მეოცე საუკუნის შემდეგ პრაქტიკულად არ განახლებულა. მინერალური წყლები ხელმისაწვდომია, თუმცა არსებული ინფრასტრუქტურა დღეს აბსოლუტურად შეუსაბამოა", - აცხადებს გენო თაყაძე.
მეორე მიმართულებად ის რეგიონში ზამთრის აქტივობების ხელშეწყობას და სათხილამურო ინფრასტრუქტურის შექმნას მიიჩნევს, რაც როგორც ზემო, ისე ქვემო რაჭას ოთხსეზონიან კურორტად აქცევს: "მეორე ფაქტორი ზოგადად მთის კურორტის განვითარებაა. რეგიონის რომელიმე წერტილში სათხილამურო ინფრასტრუქტურის მოწყობით მთელი ზემო და ქვემო რაჭა ისარგებლებს. ეს შეცვლის სეზონურობას და ადგილზე აქტივობას მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს".
ამასთან, უშუალოდ სოფელ უწერისთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება მოწესრიგებული საზოგადოებრივი სივრცეების არარსებობა. "ჰაერი უწერას" დამფუძნებლის თქმით, ცენტრალური პარკის მოწყობა გადამწყვეტია კურორტის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.
"უშუალოდ უწერისთვის, ბალნეოლოგიური პოტენციალის გარდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიდი პარკის არსებობა, სადაც ადამიანები შეკრებას შეძლებენ. ეს უნდა იყოს სივრცე ატრაქციონებით, ბავშვების გასასეირნებელი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებით, რაც დღეს ფიზიკურად არ გვაქვს. ამის გამო უწერა მკვეთრად ჩამორჩება სხვა კურორტებს, როგორიცაა, მაგალითად, საირმე თუ ბორჯომი. პარკის მოსაწყობად ლოკაციები არსებობს, თუმცა ამისთვის მზაობა არ არის. აქ ჩამოსულ ტურისტს უწევს თავად დაგეგმოს გასეირნება ცენტრალურ გზაზე ან ტყეში, ნაცვლად იმისა, რომ მოწესრიგებული შეკრების ადგილი ჰქონდეს. ეს გადამწყვეტია როგორც ჩამოსული ტურისტისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის", - განმარტავს ბიზნესის წარმომადგენელი.