
ბანკებთან ურთიერთობა გართულდება - გელა ხანიშვილი აგროთანადაფინანსების ახალ მოდელზე
სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კომპანია "აგრო-1959"-ის მმართველი პარტნიორი გელა ხანიშვილი მიიჩნევს, რომ აგროთანადაფინანსების ახალი მიდგომა, რომელიც „ჯერ დახარჯე, მერე მიიღეს“ პრინციპზეა აგებული, ფერმერებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გაართულებს.
როგორც ხანიშვილი BMG-სთან განმარტავს, ყველაზე დიდი სირთულე ბანკებთან ურთიერთობის ნაწილშია. თუ ადრე „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში სახელმწიფო თავიდანვე ერთვებოდა პროცესში და პროცენტის სუბსიდირებით ბანკისთვის რისკებს ამცირებდა, ახალი მოდელით ფერმერმა ბანკიდან თავად უნდა მოიპოვოს სრული რესურსი.
„სოფლის განვითარების სააგენტოს შემდეგ, ბანკი უნდა დავარწმუნო, რომ მომცეს რესურსი, ამ შემთხვევაში, მაგალითად, სრული თანხა - 4 მილიონი ლარი. ამ 4 მილიონი ლარის შემთხვევაში ბანკმა უნდა მომთხოვოს როგორც წესი, ჩემი თანამონაწილეობა, ჩემი აქტივები, რის საფუძველზეც ბანკი დაიზღვევს თავს. ამავე შემთხვევაში, სახელმწიფო ზუსტად ამავე დაზღვევას აკეთებს, ისიც ამბობს, რომ პროექტს როდესაც კარგად განახორციელებ, შემდგომ მე ამ გრანტის კომპონენტს დაგიფინანსებ.
მაგრამ აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბანკი ₾4 მილიონის რესურსის მოცემაში დარწმუნდეს. სირთულეც აქ არის. დღევანდელი მოდელით, ჩვენ ₾4 მილიონის სანაცვლოდ, ბანკს უფრო ნაკლებ თანხაზე მოთხოვნას ვთავაზობთ, იმიტომ რომ გრანტი თავდაპირველი კომპონენტიც არის და უკვე ბანკმა იცის, რომ ამ თანადაფინანსებას მიიღებს. აგროკრედიტი, რომელსაც ბანკი თავშივე გასცემდა და თანადაფინანსებას სახელმწიფოსგან იღებდა - მაგალითად 14.5 პროცენტიან სესხზე 11 პროცენტი „დანერგე მომავალში“ იყო აგროკრედიტი და სახელმწიფო თანადაფინანსება, ხოლო 3-3.5 პროცენტს იხდიდა ფერმერი. ამ პირობებში, ბანკი თამამად იძლეოდა შეღავათიან პერიოდს და ფაქტობრივად, გაშენებული ბაღი როდესაც შედიოდა მსხმოიარობაში, ფერმერი იწყებდა თანხის გადახდას. ეს სქემა წარმატებით მუშაობდა.
რეალურ პირობებში კი, ბანკთან ურთიერთობა გულწრფელად რომ გითხრათ, საკმაოდ მძიმეა. საკმაოდ მძიმე მოთხოვნები აქვთ, ამ მოთხოვნებს დაკმაყოფილება უნდა, საკმაოდ სერიოზული კონტროლია ბანკის მხრიდან მიმდინარე ხარჯებზე, ისევე როგორც სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ ამ ახალი პროექტის პირობებში ზუსტად როგორი იქნება შეჯერებული ბანკის ინტერესი, მე არსად არ მომისმენია“, - აცხადებს გელა ხანიშვილი BMG-სთან.
მისივე თქმით, საჭიროა, აგროსექტორმა ბანკების მხრიდანაც მოისმინოს ამ საკითხზე პასუხები, რომელიც გამოკვეთს, სექტორისთვის ახალი მოდელი პირობების გაუმჯობესებაა თუ გაუარესება.
„თუ ბანკი ამბობს, რომ უფრო მარტივად გავცემ ამ პირობებში ფულს, ეს იქნება გაუმჯობესება და არ იქნება გაუარესება.
თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ერთწლიან კულტურებში ამ პროგრამის განხორციელება უდავოდ უკეთეს პირობებს გულისხმობს, ვიდრე დღეს მოქმედი პირობებია. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ხორბალში 300 000 ლარი არის ჩამკეტი მეხორბლის სუბსიდირებაზე არა, იაფი კრედიტის მიწოდებაზე. ჩვენ თუ იქ 50 პროცენტიან თანადაფინანსებაზე წავალთ, ბუნებრივია ეს გაცილებით უკეთესი შეთავაზება იქნება მეხორბლეებისთვის და ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის, ვიდრე ის პროგრამები რომელიც დღეს მოქმედებს“, - ამბობს გელა ხანიშვილი.
"აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის" ახალ მოდელს, რომლითაც სოფლის მეურნეობის სექტორში თამაშის წესები იცვლება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1-ელი ივლისიდან ნერგავს. ახალი მოდელით, პროექტებს ბანკების ნაცვლად ჯერ სამინისტროში შეაფასებენ - ბენეფიციარი წარადგენს განაცხადს და ბიზნესგეგმას, სააგენტო აფასებს, პროექტის ეკონომიკურ მიზანშეწონილობას. შემდგომ მიიღება გადაწყვეტილება - პროექტი იმსახურებს თუ არა სახელმწიფო მხარდაჭერას. ამის შემდეგ კი პროცესში კომერციული ბანკი ერთვება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, ბანკი აფასებს ფინანსურ რისკს, ხოლო სახელმწიფო, პროექტის ეკონომიკურ და სექტორულ მნიშვნელობას.
BM.GE
წყარო: bm.ge