
ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გაიცა
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორბოძალაში მდებარე 27 813 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ბატეთის ტბის ტერიტორიას მოიცავს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 19-წლიანი სარგებლობის უფლებით ელექტრონულ აუქციონზე გასცა.
აუქციონი 2026 წლის 29 ივლისს დაიწყო და 12 აგვისტოს დასრულდა. ლოტის საწყისი წლიური საიჯარო საფასური 16 700 ლარი იყო, საბოლოო ფასი კი ერთი ბიჯის შემდეგ 17 200 ლარით განისაზღვრა.
აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში ქონების მოვლა-პატრონობისთვის, მათ შორის ტბის გაწმენდითი სამუშაოებისთვის, არანაკლებ 80 000 ლარი უნდა დახარჯოს.
სააგენტო ასევე მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთი სრულად კვეთს პოლიმეტალების პერსპექტიული გამოვლინების ტერიტორიას. შესაბამისად, მოიჯარემ არ უნდა შეზღუდოს აღნიშნულ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესაძლებლობა.
ნაკვეთის ნაწილი ბატეთის ტბით არის დაფარული, ნაწილი კი მდინარე ბატეთისწყლის კალაპოტში იჭრება და უსახელო მდინარესთან მდებარეობს. პირობებში აღნიშნულია, რომ ტერიტორიით სარგებლობისას გათვალისწინებული უნდა იყოს წყლის რესურსებთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და შეზღუდვები.
გარდა ამისა, მიწის ნაკვეთი მოიცავს ბატეთის ტბისა და მდინარე ბატეთისწყლის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონებს. სააგენტოს ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე დაგეგმილი ნებისმიერი მშენებლობა შესაბამის უწყებებთან უნდა იყოს შეთანხმებული, ხოლო მკაცრი ზედამხედველობის ზოლში მხოლოდ დროებითი, არაკაპიტალური ნაგებობების მოწყობაა ნებადართული.
ბატეთის ტბა ქარელიდან დაახლოებით 23 კილომეტრში მდებარეობს და ტურისტულ მიმართულებად არის ცნობილი. ტბის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარსულშიც გამოცხადებულა აუქციონები.
BM.GE
წყარო: bm.ge