მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმის ნავთობტერმინალი რეზერვუარების ნაწილის დემონტაჟს და ოპტიმიზაციას გეგმავს - მიზეზი დაბალი ტვირთბრუნვაა
ბათუმის ნავთობტერმინალი რეზერვუარების ნაწილის დემონტაჟს და ოპტიმიზაციას გეგმავს - მიზეზი დაბალი ტვირთბრუნვაა

ბათუმის ნავთობტერმინალი რეზერვუარების ნაწილის დემონტაჟს და ოპტიმიზაციას გეგმავს - მიზეზი დაბალი ტვირთბრუნვაა

BM.GE5 აგვისტო, 2026, 01:18|bm.ge

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ საწარმოო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ოპტიმიზაციის განხორციელებას გეგმავს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია რეზერვუარების ნაწილის დემონტაჟს, ნაწილის ექსპლუატაციიდან გამოყვანასა და მრავალი ავზის ფუნქციური დანიშნულების ცვლილებას აპირებს. კომპანიის დირექციის მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ტერმინალი მრავალი წელია გეგმით განსაზღვრულ დატვირთვაზე ნაკლებით ოპერირებს, რის გამოც მიღებულია სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ ტერმინალის გაფართოების ნაცვლად, მისი ოპტიმიზაცია მოხდება. წარდგენილი დოკუმენტაცია კომპანიის დირექტორის, მარლენ ტულეგენოვის მიერ არის ხელმოწერილი.

ბათუმის პორტისა და ნავთობტერმინალის მფლობელი საქართველოს სახელმწიფოა, ხოლო 49-წლიანი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, 2006 წლიდან ტერმინალის ოპერატორია KazTransOil-ი, რომელსაც ყაზახეთის სუვერენული საინვესტიციო ფონდი „Samruk-Kazyna“ ფლობს. ბათუმის ნავთობტერმინალი 80 ჰექტარზეა განთავსებული.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილი ცვლილებები მოიცავს არსებული სარეზერვუარო პარკის გადახედვას — რამდენიმე ავზის დემონტაჟს, ნაწილის ექსპლუატაციიდან გამოყვანას და რიგი რეზერვუარების სხვა ტიპის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესანახად გამოყენებას.

კომპანიის განცხადებით, პროექტი ახალი სიმძლავრეების შექმნას არ ითვალისწინებს. პირიქით, მისი მიზანია არსებული ინფრასტრუქტურის შემცირება და უფრო ეფექტური გამოყენება იმ პირობებში, როდესაც ტერმინალის რეალური დატვირთვა საპროექტო მაჩვენებელს ჩამორჩება.

ტერმინალი წლიურად 5 მილიონი ტონის დატვირთვაზე ვერ გავიდა

ბათუმის ნავთობტერმინალის მოქმედი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება წლიურად 5.02 მილიონი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვას ითვალისწინებდა. თუმცა, გზშ-ის დოკუმენტის მიხედვით, 2020-2025 წლებში ფაქტობრივი ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად ნაკლები იყო.

კომპანიის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში წლიური ტვირთბრუნვა 1.05 მილიონი ტონიდან 1.93 მილიონ ტონამდე მერყეობდა, რაც საპროექტო მოცულობის დაახლოებით 21-38%-ს შეადგენდა.

ტვირთბრუნვის შემცირების ფონზე, კომპანია აღნიშნავს, რომ არსებული ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი განახლება და ახალი რეზერვუარების მშენებლობა ეკონომიკურად მიზანშეწონილი აღარ არის.

2026 წლისთვის დაგეგმილი ტვირთბრუნვა 3.95 მილიონ ტონას შეადგენს, ხოლო 2027-2030 წლებში პროგნოზი დაახლოებით 4.1 მილიონი ტონაა. მიუხედავად ზრდისა, ეს მაჩვენებლები კვლავ ჩამორჩება ტერმინალის თავდაპირველ საპროექტო შესაძლებლობას.

„2026–2030 წლებისთვის დაგეგმილი საერთო ტვირთბრუნვა შეადგენს წლიურად 4 300 000 ტონას, რაც კვლავ ჩამორჩება გზშ-ის ანგარიშით გათვალისწინებულ 5 020 000 ტონას. ეს ნიშნავს, რომ საწარმო არც საპროგნოზო პერიოდში გეგმავს თავისი მაქსიმალური ტექნოლოგიური სიმძლავრის სრულ დატვირთვას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

თავდაპირველი გეგმით, 2020-2030 წლებში ბათუმის ნავთობტერმინალში ათეულობით რეზერვუარის ეტაპობრივი დემონტაჟი და ახალი ავზებით ჩანაცვლება იყო გათვალისწინებული.

განახლებული პროექტით მიდგომა შეიცვალა - კომპანია აღარ გეგმავს რეზერვუარების ფართომასშტაბიან ჩანაცვლებას. მათი დემონტაჟი განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ობიექტის ტექნიკური მდგომარეობა ამას მოითხოვს.

მაგალითად, დიზელისა და ნავთის სადგურზე რამდენიმე რეზერვუარი, რომელთა დემონტაჟიც ადრე 2024-2026 წლების პერიოდში იყო დაგეგმილი, ექსპლუატაციაში დარჩება და გამოყენებული იქნება ნათელი ნავთობპროდუქტების შესანახად.

გამონაკლისია №15 რეზერვუარი, რომელიც დროებით ექსპლუატაციიდან არის გამოყვანილი და მისი გამოყენება მხოლოდ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

განახლებული დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის ფარგლებში რამდენიმე რეზერვუარის დემონტაჟი უკვე განხორციელდა.

კერძოდ:

• „კაპრეშუმის“ უბანზე დემონტირებულია №209 რეზერვუარი; • დიზელისა და ნავთის სადგურზე — №40 რეზერვუარი; • ნავთისა და საავტომობილო ბენზინის სადგურზე — №3 რეზერვუარი.

ამის შედეგად, „კაპრეშუმის“ უბანზე რეზერვუარების რაოდენობა 17-დან 16-მდე შემცირდა, დიზელის სადგურზე — 14-დან 13-მდე, ხოლო „ხოლოდნაია სლობოდას“ უბანზე რეზერვუარების რაოდენობა 11-დან 7-მდე შემცირდა, რადგან ოთხი ავზი სხვა საწარმოო მიმართულებას გადაეცა.

იცვლება რამდენიმე რეზერვუარის ფუნქციები

ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არსებული ინფრასტრუქტურის ფუნქციური გადანაწილებაა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება „ხოლოდნაია სლობოდას“ სარეზერვუარო პარკს ეხება, სადაც №140, №141, №142 და №143 რეზერვუარები იმპორტირებული ნავთობპროდუქტების მიღებისა და განაწილების საამქროს გადაეცა.

ამის შედეგად:

• „ხოლოდნაია სლობოდას“ პარკის მოცულობა 82 500 კუბური მეტრიდან 52 500 კუბურ მეტრამდე შემცირდება; • იმპორტირებული ნავთობპროდუქტების საამქროს საცავი მოცულობა კი 23 400 კუბური მეტრიდან 53 400 კუბურ მეტრამდე გაიზრდება.

გარდა ამისა, რამდენიმე რეზერვუარს გაფართოებული ფუნქცია მიენიჭება და მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესანახად.

კერძოდ, შესაბამისი ტექნოლოგიური აღჭურვის შემდეგ „კაპრეშუმის“ უბნის №203, №210, №213, №224-231, №250 და №251 რეზერვუარებში შესაძლებელი იქნება მერკაპტანიანი და ე.წ. „თენგიზის“ ნავთობის მიღება და შენახვა.

ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია და გარემოსდაცვითი ღონისძიებები

პროექტი ასევე ითვალისწინებს გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის განახლებას.

დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს №4 სარკინიგზო ესტაკადაზე დამონტაჟდა ახალი აირგამწმენდი სისტემა, ხოლო №5 ესტაკადა დაუერთდა როგორც სუნჩამხშობ, ისე სარეკუპერაციო დანადგარებს.

ამასთან, კომპანია გეგმავს ნავთობშლამებისა და ნავთობით დაბინძურებული გრუნტის მართვის სისტემის ცვლილებას. არსებული ინსინერატორის შესაძლებლობების შეზღუდვის გამო, ნარჩენების ნაწილის მართვა შესაბამისი ნებართვის მქონე მესამე პირებისთვის გადაცემით იგეგმება.

პარალელურად, კომპანია ბიორემედიაციის ტექნოლოგიის დანერგვის შესაძლებლობასაც განიხილავს.

კომპანიის დოკუმენტაციის თანახმად, ტერმინალის ოპერაციული მოდელი ბაზრის მოთხოვნებს მოერგება

ბათუმის ნავთობტერმინალის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფრასტრუქტურული ცვლილებები დაკავშირებულია ბაზრის რეალურ მოთხოვნებთან და არ წარმოადგენს საწარმოო გაფართოების პროექტს.

კომპანიის შეფასებით, ბოლო წლების ოპერაციულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ტერმინალს არ სჭირდება თავდაპირველად დაგეგმილი მოცულობის სარეზერვუარო პარკი.

„განხორციელებული ცვლილებები ემსახურება არა ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას, არამედ არსებული სარეზერვუარო პარკების ფუნქციურ ადაპტაციას ბაზრის მოთხოვნებთან“, — ნათქვამია გზშ-ის დოკუმენტში.

დოკუმენტის მიხედვით, ოპტიმიზაცია მოიცავს ნაკლებად დატვირთული რეზერვუარების სხვა ოპერაციულ სქემაში ჩართვას, სხვადასხვა ტიპის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შენახვის შესაძლებლობის გაფართოებას, ტექნიკურად გამართული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დემონტაჟის განხორციელებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ თემურ გორდენლოვი 2500 ლარით დააჯარიმაიმედი
  • ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავესფორმულა
  • ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავესტვ პირველი
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავესრუსთავი 2
ბათუმში →მიზეზი →

მსგავსი სტატიები

რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ყოვლისმომცველი სპეციალური ეკონომიკური ზონების მოდელმა - ბლოგი

რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ყოვლისმომცველი სპეციალური ეკონომიკური ზონების მოდელმა - ბლოგი

BM.GE

საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია - „ინვესტიციების სააგენტო“ სტრატკომის ხელმძღვანელს ეძებს

საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია - „ინვესტიციების სააგენტო“ სტრატკომის ხელმძღვანელს ეძებს

BM.GE

ვის გადაეცემა სასკოლო ფორმები უფასოდ - მთავრობამ ექვსი კატეგორია განსაზღვრა

ვის გადაეცემა სასკოლო ფორმები უფასოდ - მთავრობამ ექვსი კატეგორია განსაზღვრა

BM.GE

სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება

სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება

BM.GE