
ბათუმის სასტუმროებში ტურისტების სეგმენტი იცვლება - როგორია ტენდენციები?
ბათუმში სასტუმროების დატვირთულობამ ივლისსა და აგვისტოში 95%-ს გადააჭარბა, სექტემბერშიც კი კი 50%-ზე მაღლა ნარჩუნდება. ამის შესახებ BMGTV-ს ეთერში „ქალების ნარატივი“ „ბლუ სქაი აფართ ჰოტელის“ გენერალური მენეჯერმა, მამისა ვარშალომიძემ განაცხადა.
საგულისხმოა, რომ „ბლუ სქაი აფართ ჰოტელი“ ბათუმში წელს სრული საოპერაციო წლის რეჟიმში პირველად მუშაობს. გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონზე სასტუმროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია სტუმრების სეგმენტის ცვლილებაა. მისი თქმით, ბათუმში ტურისტული ნაკადები კვლავ ძირითადად მეზობელი ქვეყნების ბაზრებიდან მოდის, თუმცა წელს განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი სომხეთისა და არაბული ქვეყნების მხრიდან.
„ძირითადი ბაზრები თურქეთი, რუსეთი, სომხეთი და ისრაელია, თუმცა წელს განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი არაბული ქვეყნების მხრიდან. ბევრი ისეთი ბაზარი გამოჩნდა, რომელიც აქამდე ნაკლებად აქტიურობდა. თურქეთიდან უკვე გვაქვს აქტიური მოთხოვნა, ისრაელის ბაზრიდანაც ვიღებთ ჯავშნებს, ხოლო არაბულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტების ფარგლებში ორგანიზებული ტურისტული ნაკადებიც შემოდის“, - განაცხადა მამისა ვარშალომიძემ.
მისივე განმარტებით, სასტუმროსთვის მნიშვნელოვანი რჩება ადგილობრივი ბაზარიც, თუმცა იცვლება სტუმრობის ხანგრძლივობა. განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები უფრო მოკლევადიან და ბიუჯეტურ დასვენებას ირჩევენ.
„იცვლება სტუმრის სეგმენტი და უფრო ბიუჯეტური, უფრო მოკლევადიანი დასვენებისკენ მიდის. მეზობელი ქვეყნები, რომლებსაც რამდენიმე ქვეყანა აქვთ მარშრუტში ჩართული, მათთვის საინტერესოა მოკლევადიანი დასვენება“, - აღნიშნა მან.
ვარშალომიძის შეფასებით, სტუმრობის ხანგრძლივობის შემცირება სასტუმროებისთვის დამატებით საოპერაციო გამოწვევებს ქმნის, რადგან ნომრების უფრო ხშირი ცვლილება და ახალი სტუმრების მიღება ოპერაციულ დატვირთვას ზრდის.
რაც შეეხება წინასწარ ჯავშნებს, როგორც გენერალური მენეჯერი ამბობს, სასტუმროს უკვე აქვს 2027 წლის ზაფხულის ჯავშნებიც, ხოლო არასეზონურ პერიოდებში გარკვეული სტაბილური ჯავშნები შენარჩუნებულია.
BM.GE
წყარო: bm.ge