
Meta ახალი C კლასის აქციებს გამოუშვებს და ცუკერბერგი კალიფორნიიდან აღარ გადავა
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Meta-მ ახალი C კლასის ხმის უფლების არმქონე აქციების ემისიის შესახებ განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მარკ ცუკერბერგსა და დირექტორთა საბჭოს შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე დაძაბული მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს. ახალი სტრუქტურის მიხედვით, ყოველი A და B კლასის აქციის მფლობელი დივიდენდის სახით თითო C კლასის აქციას მიიღებს, რაც ფაქტობრივად აქციების ორად გაყოფას (2:1) ნიშნავს.
მოგეხსენებათ, ცუკერბერგი Meta-ში 13.4%-იან წილს ფლობს, თუმცა 10-ხმიანი B კლასის აქციების წყალობით ის დირექტორთა საბჭოში საარჩევნო ხმების 60.6%-ს აკონტროლებს. AI-ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად კომპანიას დამატებითი კაპიტალის მოზიდვა ესაჭიროება, ხოლო ჩვეულებრივი A კლასის აქციების გამოშვება დამფუძნებლის წილს შეამცირებდა. C კლასის აქციების გამოშვება Meta-ს საშუალებას მისცემს მოიზიდოს ინვესტიციები და დააფინანსოს თანამშრომლები ცუკერბერგის მიერ მაჟორიტარული კონტროლის დაკარგვის გარეშე.
პარალელურად ამ ყველაფრისა, ცუკერბერგის წინაშე კალიფორნიის შტატში დაგეგმილი $246-მილიარდიანი ქონების გადასახადი დგას, რომლის დამტკიცების შემთხვევაში მას მრავალმილიარდიანი საგადასახადო ვალდებულება დაეკისრება. არსებული ინფორმაციით, გადასახადის დასაფარად B კლასის აქციების გაყიდვა მისი ხმების წილს 53%-მდე შეამცირებდა. ახალი შეთანხმებით, ცუკერბერგს C კლასის აქციების 20%-ის დაუყოვნებლივ გაყიდვის უფლება ეძლევა, რაც მას საგადასახადო ვალდებულებების დაფარვაში ხმის უფლების დაკარგვის გარეშე დაეხმარება.
ცნობისთვის, მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ცუკერბერგმა უარი თქვა ხელფასის გაზრდის მოთხოვნაზე, შეინარჩუნა სიმბოლური $1-იანი ანაზღაურება და აიღო ვალდებულება, რომ მინიმუმ 8 წლის განმავლობაში საცხოვრებელ ადგილს კალიფორნიაში შეინარჩუნებს და სხვა შტატში არ გადავა.
BM.GE
წყარო: bm.ge