
ბათუმში GREMO 2026 ბაუმერის მხარდაჭერით გაიმართა
12 ივნისს ბათუმში უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება — GREMO 2026 გაიმართა, რომელიც საინჟინრო კომპანია Baumer-ის მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენცია პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და სექტორის განვითარების საკითხებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა, სადაც დარგის წარმომადგენლებმა ბაზრის სამომავლო პერსპექტივები და განვითარების ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
ღონისძიებამ სამშენებლო, დეველოპერული, საინვესტიციო და სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები გააერთიანა. დისკუსიების მთავარი თემა პრემიუმ კლასის კურორტების განვითარება იყო — მათთან დაკავშირებული ტენდენციები, გამოწვევები და შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე დეველოპმენტის სტანდარტებს, მაღალი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის ფორმირებას და იმ ფაქტორებს, რომლებიც საერთაშორისო დონის პროექტების წარმატებას განსაზღვრავს. განხილვის ერთ-ერთ მთავარ ხაზს წარმოადგენდა პროექტების ხარისხი, მდგრადობა და მომხმარებლის გამოცდილება.
კონფერენციაზე ბაუმერის დამფუძნებელმა ლევან ყირიმლიშვილმა პრემიუმ პროექტებში საინჟინრო სისტემების გადამწყვეტ როლზე ისაუბრა. მისი თქმით, თანამედროვე დეველოპმენტის წარმატება მხოლოდ არქიტექტურასა და ლოკაციაზე არ არის დამოკიდებული — პროექტის ხარისხს მნიშვნელოვანწილად სწორედ ძლიერი საინჟინრო ინფრასტრუქტურა განსაზღვრავს. „მსგავსი ტიპის კონფერენციები საჭიროა სექტორისთვის, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და საერთაშორისო პრაქტიკები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე უნდა დაინერგოს“ - აღნიშნა ლევან ყირიმლიშვილმა.
პრეზენტაციის ფარგლებში განხილული იყო ბათუმისთვის დამახასიათებელი კლიმატური პირობების გავლენა საინჟინრო სისტემებზე, მაღალსართულიანი შენობების ტექნიკური დაგეგმარების სპეციფიკა, პროექტირების ეტაპზე სწორი საინჟინრო გადაწყვეტილებების მნიშვნელობა და თანამედროვე კომუნალური აღრიცხვის სისტემები.
ბაუმერისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმგვარი ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოში სამშენებლო სექტორის განვითარებას, პროფესიული სტანდარტების ამაღლებას და უსაფრთხო გარემოს შექმნას უწყობს ხელს.
BM.GE
წყარო: bm.ge