
"ბათუმში უძრავი ქონების მყიდველთა 80% უცხოელია" - FK Development-ი Tonino Lamborghini-ს საერთაშორისო აღიარებაზე
სამშენებლო და დეველოპერული კომპანია FK Development-ის პროექტი - Tonino Lamborghini Tower Batumi, საერთაშორისო კონკურსის, International Property Awards 2026–2027-ის გამარჯვებული გახდა. მან კატეგორიაში Branded Residences უმაღლესი, 5-ვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა - პროექტის საერთაშორისო აღიარებაზე, უცხოელი ინვესტორების ნდობის ფაქტორსა და ბათუმის საინვესტიციო პოტენციალზე კომპანიის წარმომადგენლებმა გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრეს.
როგორც FK Development-ის კომერციულმა დირექტორმა, მაკო ცეცხლაძემ აღნიშნა, აღნიშნული ჯილდო პროექტის უმაღლესი ხარისხისა და გლობალური სტანდარტების დადასტურებაა.
"International Property Awards არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო კონკურსი უძრავი ქონების სექტორისთვის. ჟიური 100-ზე მეტი სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტისგან შედგება, რომლებიც პროდუქტს მრავალი მიმართულებით აფასებენ. ასეთ კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ რამდენიმე რენდერის გაგზავნას არ ნიშნავს - ეს არის სრული პორტფელის შეკვრა: არქიტექტურა, დიზაინი, კონცეფცია და შესაბამისობა მსოფლიო დონის სტანდარტებთან", - ამბობს მაკო ცეცხლაძე.
მისივე თქმით, საერთაშორისო აღიარებას უდიდესი კომერციული დატვირთვა აქვს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბათუმში უცხოელი ინვესტორების წილი დომინანტურია: "ბათუმი ჩამოყალიბდა ქალაქად, სადაც მყიდველთა 80% უკვე საერთაშორისო ინვესტორია. შესაბამისად, როდესაც უცხოელი მყიდველი სხვა ქვეყანაში კაპიტალის დაბანდებას განიხილავს, ნდობის ფაქტორი გადამწყვეტი ხდება. მსგავსი კონკურსები პროდუქტის საერთაშორისო სტანდარტების წარმოჩენასა და გლობალური მყიდველის თვალში ნდობის ამაღლებას ემსახურება".
FK Development-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ანუკი ქათამაძე განმარტავს, რომ პრემიუმ სეგმენტში მომხმარებლის მოთხოვნები მკვეთრად შეიცვალა - დღეს ინვესტორები არა უბრალოდ ფართს, არამედ სრულყოფილ ეკოსისტემას და ცხოვრების სტილს ირჩევენ.
"როდესაც ბრენდულ რეზიდენციებზე ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ კვადრატული მეტრები. ღირებულება მხოლოდ ამით არ განისაზღვრება - ეს არის პროექტის სერვისები, ინფრასტრუქტურა და, რა თქმა უნდა, თავად ბრენდი, რომელიც პროექტს განსაკუთრებულ ექსკლუზიურობას სძენს.
Tonino Lamborghini სწორედ იმიტომ ავირჩიეთ, რომ ეს არის ბრენდი საკუთარი მდიდარი ისტორიით, თვითმყოფადი იდენტობითა და ცხოვრების უნიკალური სტილით. ჩვენთვის უმთავრესი იყო ისეთი პარტნიორის შერჩევა, რომლის ფილოსოფიაც სრულად დაემთხვეოდა ჩვენს ხედვას. ამ პროექტით ბათუმში იტალიური დიზაინი, პრემიუმ ხარისხი და ცხოვრების განსაკუთრებული სტილი შემოდის. საერთაშორისო ბრენდის გამოცდილებისა და ქართული დეველოპმენტის ეს სინთეზი ორივე მხარისთვის უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა", - აცხადებს ანუკი ქათამაძე.
FK Development-ის წარმომადგენლები BMG-სთან აღნიშნავენ, რომ ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე 65-სართულიანი კომპლექსის მშენებლობა უპრეცედენტო საინჟინრო და მენეჯერულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
"მსგავსი იდეის შექმნა და განხორციელება ურთულეს საინჟინრო პროცესებთანაა დაკავშირებული. რომ არა ჩვენი 22-წლიანი გამოცდილება, როგორც თავად კუნძულის კონცეფციის შემუშავება, ისე ამ მასშტაბის 65-სართულიანი ამბიციური პროექტის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. ეს გამოცდილება გვაძლევს მყარ საფუძველს, რომ ქვეყნისთვის ასეთი სტრატეგიული პროექტი უმაღლეს დონეზე შევასრულოთ", - აცხადებს მაკო ცეცხლაძე.
FK Development-ს საქართველოს სამშენებლო და დეველოპერულ სექტორში 22 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. კომპანიის პორტფოლიო ისეთ პროექტებს აერთიანებს, როგორებიცაა: "კემპინსკი ბათუმი", "კასტელო მარე", ასევე ბათუმისა და გურჯაანის იუსტიციის სახლები და სხვა მასშტაბური საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა.
ამჟამად დეველოპერი ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე, იტალიურ ბრენდ Tonino Lamborghini-სთან ექსკლუზიური პარტნიორობით, 65-სართულიან ულტრათანამედროვე ბრენდირებულ რეზიდენციებს აშენებს.
BM.GE
წყარო: bm.ge