
რატომ შეადგენს ვაქცინაციის ბიუჯეტის 9 თვის ათვისება 36.2%-ს - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება
9 თვეში ქვეყანაში ვაქცინაციაზე ბიუჯეტით განსაზღვრული თანხის მხოლოდ 36.2% დაიხარჯა - ამის შესახებ პარლამენტში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ ისაუბრა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კითხვით მიმართა, თუ რამ განაპირობა 9 თვეში ვაქცინაციის ბიუჯეტის დაბალი ათვისება - მოსახლეობის მხრიდან აცრაზე უარის თქმამ თუ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხრიდან საინფორმაციო კამპანიების ნაკლებობამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ირინა წაქაძის განცხადებით, საზოგადოებაში ხშირად არსებობს მცდარი წარმოდგენა, თითქოს ეს მაჩვენებელი მხოლოდ ბავშვთა გეგმურ აცრებს ასახავს. სინამდვილეში, იმუნიზაციის კომპონენტი გაცილებით ფართოა.
"იმუნიზაცია-ვაქცინაციაში შედის არა მარტო ის ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრები, რაც ბავშვის დაბადებიდან იწყება და შემდეგ 14-15 წლის ასაკში მთავრდება, არამედ ის დამატებითი ვაქცინაციაც - მაგალითად, სეზონური ვაქცინაცია, გრიპის ვაქცინაციას რასაც ვეძახით, ასევე პაპილომავირუსი, რომელიც მოსახლეობის გარკვეულ ასაკობრივ კატეგორიაზე ვრცელდება და პერიოდულად შემოდის ეს ახალი შეთავაზებები მოსახლეობის მიმართ. მთლიანობაში, კი, მე გეთანხმებით, რომ ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ მარტო კალენდრით გათვალისწინებული აცრები არ შედის აქ", - აღნიშნა ირინა წაქაძემ.
დაბალი ფინანსური ათვისების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად წაქაძემ ვაქცინების არსებული მარაგები დაასახელა, რის გამოც ბიუჯეტიდან ახალი შესყიდვების განხორციელება საჭირო აღარ გახდა: "ადრე UNICEF-მა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ზოგიერთი ვაქცინის საკმაოდ დიდი მარაგი გადმოგვცა, რომელიც ჯერ კიდევ არის აუთვისებელი და მათი გახარჯვაც ნელ-ნელა, ცხადია, მათი მოქმედების ვადის გათვალისწინებით მიმდინარეობს. ამიტომაც არის, რომ ახალი ვაქცინების შესყიდვა ყოველთვის საჭირო არ არის".
მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ანგარიშსწორების სისტემაც, რომელიც შესრულებული სამუშაოს მიხედვით თანხის ეტაპობრივ გადარიცხვას ითვალისწინებს. წაქაძის განმარტებით, მესამე კვარტალში შესრულებული სამუშაოების ნაწილის ანაზღაურება მეოთხე კვარტალში აისახება:
"აქ თანხის გადახდა ხდება შესრულების მაჩვენებლის მიხედვით და მესამე კვარტალში არის რაღაც გარკვეული შესრულება, რომლის გადარიცხვაც ვერ მოესწრო და მოხდება მეოთხე კვარტალში, რაც ამ 36%-ს ცოტა მაღლა ასწევს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებულობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უარყო მოსაზრება, თითქოს NCDC-ს ამ მიმართულებით ჩავარდნა ჰქონდეს. მისი თქმით, ცნობიერების ამაღლების კამპანიები უწყვეტად მიმდინარეობს და მოიცავს როგორც ვაქცინაციას, ისე სკრინინგის პროგრამებს:
"ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად. თანამშრომლობენ თითოეულ მუნიციპალიტეტთან და ადგილებზე - ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, რომ თვითონ მივიდეს კლინიკაში, მობილური აღჭურვილობების მეშვეობით მიდიან ადგილებზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები და ადგილზე ემსახურებიან მოსახლეობას", - აღნიშნავს ირინა წაქაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge