
ბაზარზე საქონლის ხორცის საკმაო დეფიციტია… შემდეგ თვეებში ხორცი კიდევ გაძვირდება -”წერტი”
საქართველოში საქონლის ხორცის დეფიციტია, რაც ფასების ზრდასა და იმპორტზე დამოკიდებულებას იწვევს. “წერტის” დამფუძნებლის ბიძინა გონაშვილის განმარტებით, ადგილობრივ ბაზარზე ხორცის სიმცირე რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქონლის დიდი რაოდენობით ექსპორტზე გასვლაა — უცხოელი მყიდველები ადგილობრივზე მაღალ ფასს იხდიან, რაც ფერმერებისთვის ექსპორტს უფრო მიმზიდველს ხდის. გარდა ამისა, ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა ხორცის წარმოების თვითღირებულება.
საწვავის, საქონლის საკვებისა და მუშა ხელის გაძვირების გამო, ბევრმა მწარმოებელმა და კომპანიამ საქმიანობას თავი დაანება, რამაც მიწოდების ჯაჭვი დაარღვია.
“დეფიციტური რეალურად დეფიციტური იმიტომ გახდა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის საქონელი გავიდა ექსპორტზე - ეს ერთი. მეორე, წინა რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ ძვირი იყო ის ნედლეული, რითაც საქონელი იზრდება. ამას ემატება მუშა ხელის გაძვირება შრომის ბაზარზე. ბევრმა კომპანიამ ამ საქმეს თავი დაანება.
განსაკუთრებული როლი რამაც ითამაშა დეფიციტში, ეს არის ქვეყნიდან მომხდარი საკმაოდ დიდი ექსპორტი, რაც თავის მხრივ შინაარსობრივად ცუდი და არასწორი არაფერი არ არის მაგაში, მაგრამ მეორე მხრივ მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი დაირღვა და იმაზე მეტი გავიდა ექსპორტზე, ვიდრე უნდა გასულიყო. და მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად დღეს ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ დეფიციტი არის საქონლის და ეს დეფიციტი კიდევ და კიდევ უფრო ღრმავდება, იმიტომ რომ ამ მიმართულებით არაფერი და ვერაფერი ვერ კეთდება. შესაბამისად საკმაოდ გაძვირებულია პროდუქცია”,-აცახდებს ბიძინა გონაშვილი.
მისი თქმით, დღეისათვის საქონლის ხორცის სარეალიზაციო ფასი დახლებზე 35-დან 40 ლარამდე მერყეობს. გონაშვილი ვარაუდობს, რომ ივლის-აგვისტოს თვეებში ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება.
“დღესდღეობით ჯერჯერობით სტაბილური სიტუაციაა ანუ ის ზრდა რაც იყო, იმ ნიშნულზე გაჩერდა და მნიშვნელოვანი ფასის მატება არ ყოფილა. თუმცა ზაფხულის პერიოდში ზოგადად უფრო ძვირდება ხოლმე საქონლის ხორცი. ამიტომ ვფიქრობ, რომ მოლოდინი ასეთია, რომ ზაფხულში კიდევ გაძვირდება. შესაბამისად, მოლოდინია, რომ ივლის-აგვისტოს თვეში კიდევ უფრო გაძვირდება ხორცი და თუ ახლა ჩასაბარებელი ფასი არის 24 ლარი, შეიძლება 25 ლარი და 26 ლარიც გახდეს.